21 მარტის აქცია

ბიბილაშვილი: აქციის ერთ-ერთი მიზანია, მთავრობას შემოვულაწუნოთ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ის ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა როგორც აწმყოზე, ისე ქვეყნის მომავალზე". როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, ენმ-ს არ გვაქვს ილუზია, რომ "ხელისუფლება იქნება ადეკვატური" და გადადგება, თუმცა, "დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მიზანი ნამდვილად იქნება, რომ ოდნავ მაინც შემოვულაწუნოთ".

"და გაცილებით მეტი, ვიდრე შემოვულაწუნოთ, იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ აღიარებენ კრიზისის არსებობას, ისინი განაგრძობენ საკუთარი თავისთვის ფუფუნების საგნების შეძენას მაშინ როცა, ადამანებს ელემენტარული არ აქვთ ყოველდღიურად და მათი შემოსავალი იკლებს. ისინი საკუთარი თავისთვის ბატუტიან საწოლებს ყიდულობენ, ამბობენ, რომ ხალხი საერთოდ და ნაციონალური მოძრაობა რადარებზე არ არსებობს. ჩვენ დავანახებთ, რომ ხალხში, ადამიანებში, მოქალაქეებში აბსოლუტურად სხვა განწყობაა და ისინი იძულებულები გახდებიან, ამას ანგარიში გაუწიონ" - განაცხადა ბიბილაშვილმა რუსთავი 2-თან ჩართვაში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, რეგიონებიდან კოლონები უკვე დაიძრა და ინფორმაცია რაიმე ინციდენტის შესახებ ამ ეტაპზე არ აქვთ.

"ის პრობლემები, რაც წინა დღეებში გვქონდა, აღმოფხვრილია. ნამდვილად ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით, რაც ლოგიკურია. არ არსებობს ადამიანი, რომელიც კმაყოფილი იქნება დღევანდელი მდგომარეობით. მოსახლეობა დღეს ცალსახად უარესად ცხოვრობს" - თქვა ბიბილაშვილმა და დღევანდელ აქციებზე პროვოკაციები არ გამორიცხა.

"გამორიცხული არაფერია. ხელისუფლებას სხვა არაფერი არ დარჩენია, რომ პროვოკაციებით, სიბინძურეებით, ამაზრზენი ქმედებებით, ბავშვების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას. პრინციპში, ეს ლოგიკური ჯაჭვია. ზუსტად ცხრა თვის ბავშვის მკვლელობის, ამაზრზენად პოლიტიკური მიზნებით გამოყენებით მოვიდა ეს ხელისუფლება და ამავე გზით აგრძელებს. მას საკუთარ აქტივში პოზიტიური არაფერი არ გააჩნია. ეს დღესავით ნათელია და ამისთვის ხალხი განაჩენს გამოიტანს" - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია ლოზუნგით - "გადადგეს უუნარო მთავრობა" - თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე, აქციის მონაწილეები ვარდების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც.

კომენტარები