21 მარტის აქცია

ენმ ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ აქტივისტების აქციაზე ჩამოსვლას

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ენმ-ის წევრის, გოკა გაბაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აქტივისტებზე ზემოქმედებას ახდენენ იმ მიზნით, რომ ისინი თბილისში 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე არ ჩამოვიდნენ.

“გვინდა, მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, სუს-ის დანაყოფის ხელით ნუ შეეცდებიან მცირე-მცირე პროვოკაციებით, ხელის შეშლით, ადამიანებისთვის აქციაზე მოსვლის გართულებას“, - განაცხადა გაბაშვილმა და დაამატა, რომ ენმ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან, რათა აქციამ მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩაიაროს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მსვლელობას ხვალ, 15:00 საათზე ბარათაშვილის ქუჩიდან (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) დაიწყებს. მიტინგი კი, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. როგორც პარტიაში აცხადებენ, შეკრების ადგილის ცვლილების მიზეზი ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობა აქციაზე დაგეგმილზე ბევრად მეტ ადამიანს ელოდება.

კომენტარები