გიორგი ღონიაშვილის საქმე

გაბაშვილი: ღონიაშვილი დაკავებული იყო იმიტომ, რომ ის გიგი უგულავას ქვისლია

ღონიაშვილი დაკავებული იყო იმიტომ, რომ ის გიგი უგულავას ქვისლია, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

გაბაშვილმა გიორგი ღონიაშვილს გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა.

"საერთოდ გაუგებარია, რატომ იყო ის დაკავებული. ის დაკავებული იყო ერთადერთი მიზეზით, იმიტომ რომ ის გიგი უგულავას ქვისლია. დევნა ამ ნიშნით ადამიანების არის სამარცხვინო, რაც არა მხოლოდ ჩვენი პოზიციაა არამედ ყველა საერთაშორისო ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი და მეგობარი აღნიშნავს, რომ ეს საქართველოში დიდი პრობლემაა", - განაცხადა გაბაშვიილმა.

გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი თანხების ლეგალიზებისა და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით.

გიორგი ღონიაშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 3 მარტს ეწურებოდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ ათიათასლარიანი გირაო მოითხოვა იმ მოტივით, რომ არსებითი განხილვის ჩანიშვნა 3 მარტამდე ვერ მოესწრებოდა. პროკურორების მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული ღონიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

გიორგი ღონიაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის თანხების უკანონოდ მობილიზებას ედავებიან. ის 3 ივნისს დააკავეს.

კომენტარები