გიორგი ღონიაშვილის საქმე

სასამართლომ გიორგი ღონიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი თანხების ლეგალიზებისა და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით.

გიორგი ღონიაშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 3 მარტს ეწურებოდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ ათიათასლარიანი გირაო მოითხოვა იმ მოტივით, რომ არსებითი განხილვის ჩანიშვნა 3 მარტამდე ვერ მოესწრებოდა. პროკურორების მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული ღონიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას ადვოკატმა ყოფილი მერისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გიორგი ღონიაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის თანხების უკანონოდ მობილიზებას ედავებიან. ის 3 ივნისს დააკავეს.

კომენტარები