გიორგი ღონიაშვილის საქმე

უგულავა: ხელისუფლებას სურს, ჩემი ოჯახი "სოპრანოს კლანად" გამოიყვანოს

გიორგი ღონიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი უგულავა მის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას უკავშირებს. უგულავამ ღონიაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ხელისუფლებას სურს, მისი ოჯახი "სოპრანოს კლანად" გამოიყვანოს.

"ჯერ დაიჭირეს ჩემი სიმამრი, შემდეგ მიხვდნენ, რომ ავადმყოფი ადამიანია და შეიძლება, რამე მოსვლოდა, შემდეგ კი იპოვეს ჯანმრთელი ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრი გიორგი ღონიაშვილი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ აღნიშნა, რომ ორი დღის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ღონიაშვილის მიმართ სულ სხვა ბრალდებები გაისმა, დღეს კი სასამართლო პროცესი წარმოადგენდა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიას.

"არჩევნებამდე კიდევ ბევრი სპექტაკლი გველოდება, გიორგი ღონიაშვილს ბრალი წაუყენეს, გიორგი კაპანაძის ე.წ. რიჟას ჩვენების საფუძველზე, რომელიც არის ჩვეულებრივი აგენტი. მას კამერები დაუმაგრეს. როგორც ვიცი, ამ ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს სამართალდამცველებთან და იგი ყურით ჰყავთ დაჭერილი. სწორედ ამიტომ მიაცემინეს ღონიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები", - თქვა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც გიორგი ღონიაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, დაცვის მხარე აპირებს, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს, ამისთვის დაცვის მხარეს 48-საათიანი ვადა გააჩნია.

სასამართლო პროცესზე საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე კი ითხოვდა, რომ ღონიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეფარდებოდა, ალტერანატივად კი ადვოკატებმა 50 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს.

პროცესზე თავად ღონიაშვილმაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მის მიმართ ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.

"გიგი უგულავა ჩვენი ოჯახის წევრია და ეს არის პოლიტიკური საქმე, წარმოადგენს წინასაარჩევნო პიარს", - აღნიშნა ღონიაშვილმა სასამართლო პროცესზე.

კომენტარები