უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

პრეზიდენტს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შალვა შავგულიძე შესთავაზეს

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

თავისუფალი დემოკრატები პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი გუნდის წევრის, შალვა შავგულიძის კანდიდატურას შესთავაზებს. შავგულიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიამ გუშინ მიიღო. მისი კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსამართლეებისგან შემდგარმა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგამაც წარადგინა. თავად შავგულიძე შეთავაზების შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის დაკავების მზადყოფნას გამოთქვამს.

ნაციონალური მოძრაობა კი საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ კანდიდატის შეთავაზება პოლიტიკური პარტიის მხრიდან არასწორი იქნება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთ-ერთ კანდიდატად იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული შესთავაზა.

უზენაესი სასამართლოს საკუთარ კანდიდატურას გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც წარუდგენს. ორგანიზაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას 9 თებერვალს მიმართავს.

გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან, ასევე უზენაესი საბჭოს წევრებთან გამართა, შემდეგ კი პროფესიულ წრეებს თხოვნით მიმართა, 9 თებერვლამდე უზენაესი სასამართლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ. მისი თქმით, წარმოდგენილ სიას ადმინისტრაციაში შექმნილი კომპეტენტური კომისია გაცხრილავს, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის მრჩევლები იქნებიან.

უზესაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

კომენტარები