კრიმინალური სამყარო

დოლიძე: ხელისუფლებამ კანონიერ ქურდებთან ბრძოლა პოლიტიკურ დონეზე გამოაცხადა

"ქურდი იმიტომ არის, რომ უნდა დააკავონ, ბუნებრივია. და დააკავეს, კარგია, რომ დააკავეს", - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კრიმინალური ამბების სააგენტო პრაიმკრაიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში აპრილში დეპორტირებული კანონიერი ქურდი ისევ რუსეთში დააკავეს. ცნობისთვის, 41 წლის გიორგი ჯანელიძის საქართველოში დეპორტაცია მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ ჯანელიძემ რუსეთში დაბრუნება ისევ მოახერხა. ვიქტოს დოლიძის მტკიცებით კი, ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებამ "პოლიტიკურ დონეზე" გამოაცხადა.

"ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევნიათ, რომ გადახედონ თავიანთ წარსულს. ისინი თანამშრომლობდნენ ამ ქურდებთან და რა და როგორ იყო, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ ის, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტთან ბრძოლა, არის უმაღლეს დონეზე გამოცხადებული, მე ვიტყოდი პოლიტიკურ დონეზე ჩვენი ხელისუფლების მიერ. აქ ორი აზრი არ არის და სადაც არ უნდა დააკავონ ისინი კანონმდებლობით  გათვალისწინებული, ისევე როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დაფუძნებული ნორმებით, ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფოს მიერ, როგორც ვალდებულება, იქნება ყოველთვის შესრულებული", - თქვა დოლიძემ.

პრაიმკრაიმნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ტაბულამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. ჩვენს კითხვებზე  დეპორტაციასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, იყო თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდი დაკავებული საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობისთვის, სამინისტროში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

რაც შეეხება ინფორმაციას საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ, უწყების განცხადებით, საჯარო არაა და მხოლოდ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ამ ცნობის მიღება. 

შეგახსენებთ, ოპოზიციამ ქურდული სამყაროს წევრთა მფარველობაში და ქვეყანაში მათი შემოსვლისა და გასვლის ხელშეწყობაში ხელისუფლება რამდენჯერმე დაადანაშაულა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის, იგივე რემენას საქართველოში დეპორტაცის საკითხი. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. მაშინ კალაძემ ამ ბრალდებას აბსურდი და სიცრუე უწოდა.

კომენტარები