კრიმინალური სამყარო

ენმ ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს თანამშრომლობის სისტემაზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრიმინალური სამყაროს ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ სისტემაზე - ”საქართველოს შსს რეგულარულად ახდენს სხვადასხვა ქვეყანაში (ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში) დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში დეპორტაცია-ექსტრადიციის ინიცირებას. რეალურად, საქართველოს შსს ხელშეწყობით არ ხდება მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამის ნაცვლად, ხდება მათი გადამისამართება თურქეთში. ამავდროულად, თურქეთში გადაფრენამდე, თბილისის აეროპორტში მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების წრეში რამდენიმე საათიანი ქეიფის და დროსტარებისა. გამონაკლის შემთხვევებში ხდება ამ პირების საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთის დაფიქსირების გარეშე რამდენიმე დღით შემოყვანა და შემდეგ ისევ თურქეთში გამგზავრება. კრიმინალებს ეს სიამოვნება 50 000 ათასი აშშ დოლარი უჯდებათ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, აეროპორტში „მომსახურებას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველო კურირებს.

ამის შემდეგ, უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ჩადიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ავტორიტეტებს, გაწეული დახმარების სანაცვლოდ, მაყურებელთა ჩანერგვის მეშვეობით, ციხეებზე კონტროლის განხორციელებაში დახმარებას სთხოვენ.

პარტიის ცნობით, პირველი ასეთი ვიზიტები თურქეთში წარსულში დიმიტრი დარბაისელს ჰქონდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ სამართალდამცავთა და კრიმინალის ამგვარი ურთიერთთანამშრომლობა ბუნებრივად იწვევს კრიმინალური მდგომარეობის უკიდურეს დამძიმებას, სრულ დაუსჯელობას, ქურდული ტრადიციების დაბრუნებას, რასაც, მათი თქმით, ბოლო დროს კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს შორის დაწყებული გარჩევები მოწმობს.

”კერძოდ, 24 ივნისს მომხდარი ფაქტი. კრიმინალური ავტორიტეტის თამაზ კოროშინაძის (კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ბანაკის წარმომადგენელი) შვილი ლოტკინის უბნის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა ასევე კრიმინალური ავტორიტეტის ზვიად პაპიაშვილის (შაქრო კალაშოვის ბანაკი) ორმა „ხელქვეითმა“, "ნიკულინამ" და ნონიაშვილმა. მეორე დღეს,  კოროშინაძის წარმომადგენლებმა, შურისძიების მიზნით, ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს „მოწინააღმდეგე ბანაკი“. სროლის შედეგად დაჭრილია 7 პიროვნება. აქედან ორი ზემოხსენებული და კიდევ ერთი პირი მძიმედ. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კლასიკური გაგებით ქურდული ანგარიშსწორება, პოლიცია საქმის გამოძიებას არ აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ გარჩევის ყველა მონაწილემ 2012 წლის ამნისტიის შედეგად დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებები”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას.

 

კომენტარები