კრიმინალური სამყარო

შსს: ენმ-ის განცხადება სამინისტროს დისკრედიტაციას ემსახურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრიმინალური სამყაროს ურთიერთთანამშრომლობის სისტემაზე, "არის მორიგი სიცრუე და მსგავსი განცხადებების გაკეთება ემსახურება სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

შსს-ს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას აგრძელებს.

"ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ 2 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, 2013 წელს - 1 ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდათ ე.წ. ქურდულ სამყაროში და ჰქონდათ კავშირები საზღვარგარეთ მყოფ სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე, ძებნა არის გამოცხადებული 1 ე.წ. კანონიერ ქურდზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი - 25 პირი. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, დააკავეს ქურდული სამყაროს მხოლოდ 10 წევრი, და არც ე.წ. კანონიერი ქურდი არ დაუკავებიათ", - აღნიშნავს შსს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით კი, ”საქართველოს შსს რეგულარულად ახდენს სხვადასხვა ქვეყანაში (ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში) დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში დეპორტაცია-ექსტრადიციის ინიცირებას. რეალურად, საქართველოს შსს ხელშეწყობით არ ხდება მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამის ნაცვლად, ხდება მათი გადამისამართება თურქეთში. ამავდროულად, თურქეთში გადაფრენამდე, თბილისის აეროპორტში მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების წრეში რამდენიმე საათიანი ქეიფის და დროსტარებისა. გამონაკლის შემთხვევებში ხდება ამ პირების საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთის დაფიქსირების გარეშე რამდენიმე დღით შემოყვანა და შემდეგ ისევ თურქეთში გამგზავრება. კრიმინალებს ეს სიამოვნება 50 000 ათასი აშშ დოლარი უჯდებათ”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, აეროპორტში „მომსახურებას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველო კურირებს.

 

კომენტარები