ფარული ჩანაწერები

FT: შესაძლოა, შიკორსკის საუბარი რუსეთის დაზვერვის სამსახურს ჩაეწერა

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

გამოცემა Financial Times პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ შიკორსკის საიდუმლოდ გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც ის ამბობს, რომ ამერიკა-პოლონეთის კავშირი არაფრად ღირს, ბლოგპოსტს აქვეყნებს.

სტატიის ავტორის თქმით, საიდუმლოდ გაჟონილმა საუბარმა პოლონეთის მინისტრები და თავად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და, ალბათ, სწორედაც ეს იყო განზრახვა.

გავრცელებულ ჩანაწერში შიკორსკი ამბობს, "პოლონეთისა და ამერიკის კავშირი არაფრად ღირს. მეტიც, ეს დამაზიანებელია, რადგან პოლონეთს უქმნის უსაფრთხოების ყალბ შეგრძნებას".

ჩანაწერი ერთ-ერთ პოლონურ ჟურნალში დაიბეჭდა. გამოცემის ცნობით, სიკორსკი ფინანსთა ყოფილ მინისტრ იაცეკ როსტოვსკის ერთ-ერთ რესტორანში ესაუბრებოდა.

ჩანაწერში მოსაუბრე ეკითხება, რატომ უყურებს პოლონეთ-აშშ-ის თანამშრომლობას სკეპტიკურად, რაზეც შიკორსკი პასუხობს: "ჩვენ მიმართული ვართ, გვქონდეს კონფლიქტი რუსებთან და გერმანელებთან და ჩვენ ვაპირებთ, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგადაა, იმიტომ, რომ ამერიკელებს ვუკეთებთ მინეტს".

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ სიკორკსის შემთხვევა ძალიან ჰგავს ცოტა ხნის წინ გავრცელებულ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდის ჩანაწერს, სადაც ის ამბობს "ევროკავშირის დედაც". ნულანდი უკრაინაში ამერიკის ელჩს ესაუბრებოდა.

სტატიის ავტორი სვამს კითხვას, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა რესურსი, საუბარი ჩაეწერა ვარშავის რესტორნებში მთელი წლის განმავლობაში და ასევე ჰქონოდა მოტივაცია, ის გაევრცელებინა.

ავტორი ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს, შესაძლოა, ყოფილიყო რუსეთის დაზვერვის სამსახური.

"ორივე შემთხვევა ნულანდისა და სიკორსკის არიან მაცდური სამიზნეები რუსეთისთვის, იმიტომ, რომ ისინი დასავლეთს მოუწოდებდნენ, რეაგირება მოეხდინათ უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე. სიკორსკის ჩანაწერის გაჟონვის დრო ასევე სასარგებლოა რუსეთისთვის. მალე ევროკავშირი გამართავს სამიტს, სადაც გადაწყდება, ვის აირჩევენ უმაღლეს კომისრად საგარეო პოლიტიკის საკითხებში. სიკორსკის სახელი ფართოდ განიხილებოდა ამ პოზიციაზე. თუმცა, ახლა უკვე ჩანს, რომ ნაკლებსავარაუდოა, ის ამ პოსტზე დაინიშნოს.

თუ ასეთი გამოჟონვები რეგულარულ ხასიათს მიიღებს დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკოსებისა და მედიის რეაქცია შესაძლოა, საჭიროებდეს უფრო მეტ დახვეწილობას", - წერია სტატიაში.

დასასრულს, ავტორი აღნიშნავს, რომ მაღალ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა უნდა მიაქციონ საკუთარ საქციელს ყურადღება და იცოდნენ, რომ მათ შესაძლოა, "იწერდნენ". ჩანაწერს კი გაავრცელებენ მაშინ, როდესაც ის განსაკუთრებით საზიანო იქნება.

აღსანიშნავია, რომ რადოსლავ სიკორსკი საკუთარ მონაწილეობას საუბარში უარყოფს.

კომენტარები