ფარული ჩანაწერები

გომელაური მასალებზე: რა პასუხისმგებლობა ავიღო, მოხდა რამე? დავაშავეთ რამე?

ვახტანგ გომელაური
TV პირველი

"გამოძიება დაწყებულია, დაელოდეთ, ნუ ხართ სულსწრაფები. რისი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე?". - ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, კითხვას 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.  

გომელაურის თქმით, ის, რომ სუს-ი ვინმეს უსმენს, "ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა". 

"ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა, უკანონო იყო რაც გავრცელდა? დაელოდეთ და ნახავთ პასუხს. ნუ ხართ სულსწრაფები". - ამბობს გომელაური. 


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები