ფარული ჩანაწერები

სუს-ის უფროსი მასალებზე: მე რა შუაში ვარ?!

გრიგოლ ლილუაშვილი
საქართველოს მთავრობა

"მე რა შუაში ვარ?!". - ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ იბარებენ მას 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით.

ლილუაშვილის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და "უნდა დაველოდოთ".

ოპოზიციის მოთხოვნაზე, მის გადადგომასთან დაკავშირებით, ლილუაშვილი ამბობს, რომ "ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის".

"პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, გამჭვირვალედ მიმდინარეობს საკმაოდ, თითოეულ თქვენგანს გაქვთ საშუალება შეამოწმოთ შედეგი.

ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით სამწუხაროდ, სამწუხაროდ, ესეა ეს ცხოვრება". - ამბობს ლილუაშვილი. 

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები