წინასაარჩევნო გარემო

წინასაარჩევნო აგიტაციის ცნება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაზუსტდა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ტერმინებისა და ქმედების დაზუსტებას და ერთგვაროვან ინტერპრეტაციაზე შეთანხმებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის კანონის მოთხოვნათა დაცვა და ერთიან სტანდარტზე შეთანხმება. დოკუმენტი აზუსტებს წინასაარჩევნო აგიტაციის განსაზღვრებას, აგიტაციაში მონაწილეობის ცნებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სხვა საკითხებს.

მემორანდუმის თანახმად, საარჩევნო აგიტაციად მიიჩნევა წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა, მსვლელობა, მაისურის ან სხვა ატრიბუტის ტარება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდამჭერი გამოსახულებით. ასევე, დაზუსტებულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის აკრძალვა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას და განმარტებულია, რომ სამუშაო საათებში არ ჩაითვლება შესვენებისთვის განკუთვნილი დრო.

მემორანდუმი განსაზღვრავს საარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე შსს-ს მოსამსახურეთა ვალდებულებებსაც და ადგენს, რომ მათ უნდა ეცვათ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი; იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია იმართება შენობის გარეთ, არ მიუახლოვდნენ შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე და არ დაუშვან შეკრების მონაწილეებთან დაპირისპირებული ძალის მიახლოება; ხოლო შენობაში ან სხვა დახურულ სივრცეში მიმდინარე შეკრებისას, დაიცვან შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვან შენობაში დაპირისპირებული ძალის შესვლა.

მემორანდუმი აკონკრეტებს ადმინისტრაციული შენობების გამოყენებისა და გამოყენებაზე უარის თქმის ფორმებსა და ვადებს. შენობების ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, თუ იმავე სახის შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიას, ან საარჩევნო სუბიექტებს არ მიეცათ, ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევად იმ თანამდებობის პირის მიერ, ვინც უმოქმედობით ან დაუსაბუთებელი უარით არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას.

დოკუმენტი ასევე აზუსტებს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვას საარჩევნო აგიტაციაში და განმარტავს, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, რომელთა დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.

"ხელმომწერი ორგანიზაციები აცნობიერებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და იზიარებენ ადამიანური განზომილების შესახებ ეუთო-ს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს „ნათელი განსხვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის“ (მუხლი 5.4), და რომ სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს „პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები აუცილებელი სამართლებრივი გარანტიებით, რათა მისცეს მათ ერთმანეთთან შეჯიბრების საშუალება კანონისა და ხელისუფლების წინაშე თანაბარი პირობების საფუძველზე“ (მუხლი 7.6)", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ; არასამთავრობო ორგანიზაციების − საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; ახალი თაობა - ახალი ინიციატივა, წარმომადგენლებმა.

კომენტარები