უჩა მამაცაშვილის საქმიანობა

აბაშიძე: უჩა მამაცაშვილი ეხმარება ქვეყანას, რომ სწორად დალაგდეს საკითხები

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და სწორედ ფონდის საქმიანობიდან გამომდინარეა საქმეში ჩართული. აბაშიძე ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. ყოფილი პრემიერის თქმით, მამაცაშვილს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს სახელმწიფოს ხმარდება ის, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ინაწილებდნენ.

"აქ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ეს ნათესაური კავშირი ამ შემთხვევაში, არაფერს არ კრძალავს, არ არის ინტერესთა კონფლიქტი. პირი, რომელიც გამოცდილია, არის კონკრეტულად რაიმე სხვა საქმეებით დაკავებული, მოვიდა ამ საპარტნიორო ფონდში და ეხმარება ქვეყანას, რომ სწორად დალაგდეს საკითხები, რომლებიც იყო არეული. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერ ვხედავ. პირიქით", - ამბობს აბაშიძე.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილი არის კომპანია GCF PARTNERS (შპს ჯი სი ეფ პარტნიორები) 42%-იანი წლის მფლობელი. აღნიშნული კომპანია თანაინვესტირების ფონდს მართავს. თანაინვესტირების ფონდს კერძო ინვესტორები აფინანსებენ და არა სახელმწიფო.

გუშინ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში - პოლიტიკის დრო განაცხადა, რომ მის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს სახელმწიფოს ხმარდება ის, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ინაწილებდნენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, უჩა მამაცაშვილი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

ყოფილმა პრემიერმა გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც უგულავა აღნიშნავდა, უჩა მამაცაშვილი ბიზნესთან ურთიერთობებს „ალაგებს“ და საარჩევნოდ კახა კალაძესთან ერთად ფულს აგროვებს.

„საზოგადოებას პატიოსან სიტყვას ვაძლევ, რომ ის, რასაც ადრე "ნაცები“ ინაწილებდნენ, დღეს ყველაფერი სახელმწიფოს ხმარდება და უჩას ამაში ლომის წვლილი აქვს. სატრანზიტო თანხები მათ რიცხვში კეზერაშვილს მიჰქონდა და ამაში შეიძლება უგულავა და სხვებიც მონაწილეობდნენ... თითოეული „კაპეიკი“, რაც ამ გზით მიდიოდა და ბიზნესს აყაჩაღებდნენ... ახლა რკინიგზას თავისი წილი ხვდება, სადღაც ფორმები ვერ დავხვეწეთ და ისიც მთავრობას და სოფლის მეურნეობაში მიდის, - აღნიშნავს ივანიშვილი და განაგრძობს, -  მხედველობაში მაქვს ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სხვა ბიზნესზე ღმერთმა დაგვიფაროს, უჩა, ან ვინმე, როგორ გაბედავს, რომ სხვა ბიზნესში წილებში ჩაჯდეს. უჩამ მათ რიცხვში ბევრი იმუშავა. ახლაც ბაქოში იყო ჩასული. ტრანზიტის პრობლემა არსებობს, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ბიზნესი მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ის, რაც  ამ ნიშნით სხელმწიფოს ეკუთვნის, დიდი ხანია, ჩემი პრემიერობის დროს სახელმწიფოზე გადანაწილდა. მათ მშვენივრად იციან, სად რა ფული კეთდებოდა, იმ ფულს გაყვნენ და ნახონ, სახელმწიფოში თუ არ მიდის. ის, რომ სხვა ბიზნესს უჩა აყაჩაღებს, ამას, პრინციპში პასუხს არ გავცემ. ეს არის ის, რომ ფონს გასვლა ისევ სიცრუით უნდათ“.

კომენტარები