უჩა მამაცაშვილის საქმიანობა

ენმ: ლარად გადაცემულ ქონებაზე მამაცაშვილმა დამატებით 5 მლნ ლარზე მეტი მიიღო

მამაცაშვილმა და ივანიშვილმა ლარად გადაცემულ ქონებაზე, შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების პროგრამის მეშვეობით მომგებიანი ბიზნესის განვითარებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი.

ენმ-ის განცხადებაში წერია, რომ 2015 წლის 24 მარტის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას გააცნო ფაქტი, თუ როგორ გადასცა საკუთრებაში სახელმწიფომ მის კუთვნილებაში არსებული 2,5 მილიონ ლარად შეფასებული უძრავი ქონება (ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, სს საქართველოს სათბურის კორპორაციას (ს/კ 404469865), რომლის 100% წილის მფლობელი შპს ჯი სი ეფ პარტნიორებია.  ჯი სი ეფ პარტნიორები 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მისი 50-50%-ის მფლობელები ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილი (ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა) არიან.

განცხადებაში წერია, რომ უჩა მამაცაშვილის მმართველობის მქონე ორგანიზაციას სწორედ წარმოდგენილი სასათბურე მეურნობის გამართვისათვის სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით შეღავათიანი კრედიტი გადასცა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

„საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უძრავი ქონების გადაცემა მომავალი საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ მოხდა და ჩადებული ინვესტიციების დასადასტურებად გამართული სასათბურე მეურნეობა წარმოგვიდგინეს.

დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ უფასოდ გადაცემული 2,5-მილიონიანი უძრავი ქონების გარდა უჩა მამაცაშვილის მმართველობის მქონე ორგანიზაციას სწორედ წარმოდგენილი სასათბურე მეურნობის გამართვისათვის სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით შეღავათიანი კრედიტი გადასცა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

მარტივად, რომ ვთქვათ მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბიძინა ივანიშვილმა არათუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორმილიონნახევრის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების პროგრამის მეშვეობით მომგებიანი ბიზნესის განვითარებისთვის დამატებით 5 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები