უჩა მამაცაშვილის საქმიანობა

ვოლსკი: უჩა მამაცაშვილი არაფერს აკონტროლებს

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი არაფერს აკონტროლებს.

„ვიცნობ უჩა მამაცაშვილს, რამდენჯერმე  შევხვედრივარ. ვფიქრობ, პატიოსანი, წესიერი, პროფესიონალია, რომელიც არაფერს უკანონოს არ ჩაიდენს. ეს არც მისი პირადი კრედოა და არც პოლიტიკაა, რომელსაც ახალი ხელისუფლება ატარებს. ასე რომ, არავინ, არც უჩა მამაცაშვილი, არც ნებისმიერი სხვა არაფერს არ აკონტროლებს, ვერ გააკონტროლებს“, -აცხადებს ვოლსკი. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს სახელმწიფოს ხმარდება ის, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ინაწილებდნენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, უჩა მამაცაშვილი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

"მხედველობაში მაქვს ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სხვა ბიზნესზე ღმერთმა დაგვიფაროს, უჩა, ან ვინმე, როგორ გაბედავს, რომ სხვა ბიზნესში წილებში ჩაჯდეს. უჩამ მათ რიცხვში ბევრი იმუშავა. ახლაც ბაქოში იყო ჩასული. ტრანზიტის პრობლემა არსებობს, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ბიზნესი მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ის, რაც ამ ნიშნით სახელმწიფოს ეკუთვნის, დიდი ხანია, ჩემი პრემიერობის დროს სახელმწიფოზე გადანაწილდა. მათ მშვენივრად იციან, სად რა ფული კეთდებოდა, იმ ფულს გაყვნენ და ნახონ, სახელმწიფოში თუ არ მიდის. ის, რომ სხვა ბიზნესს უჩა აყაჩაღებს, ამას, პრინციპში, პასუხს არ გავცემ. ეს არის ის, რომ ფონს გასვლა ისევ სიცრუით უნდათ", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ყოფილმა პრემიერმა გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც უგულავა აღნიშნავდა, უჩა მამაცაშვილი ბიზნესთან ურთიერთობებს „ალაგებს“ და საარჩევნოდ კახა კალაძესთან ერთად ფულს აგროვებს.

კომენტარები