უჩა მამაცაშვილის საქმიანობა

თარგამაძე: ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მამაცაშვილი ბიზნესს ალაგებს

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის თქმით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ყოველგვარი სტატუსის  გარეშე სახელმწიფოს ძირითად ბიზნესმიმართულებებს ალაგებს.  

„ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა უპრეცედენტო რამ. კერძოდ ის, რომ მისი საყვარელი დეიდაშვილი ყოველგვარი სტატუსის გარეშე ალაგებს სახელმწიფოს ძირითად ბიზნესმიმართულებებს. ისეთებს, როგორიცაა გადაზიდვები, სარკინიგზო მიმოსვლა, საპორტო მეურნეობა და ა.შ. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ მითის მიხედვით, რომელიც მათ კეზერაშვილზე შექმნეს და შემდეგ ვერ დაამტკიცეს, თავად შექმნეს ადამიანი, რომელიც არის დაკავებული ზუსტად იმ საქმიანობით, რომელსაც ვარაუდობდნენ კეზერაშვილთან მიმართებაში“, - აცხადებს თარგამაძე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს სახელმწიფოს ხმარდება ის, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ინაწილებდნენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, უჩა მამაცაშვილი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

"მხედველობაში მაქვს ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სხვა ბიზნესზე ღმერთმა დაგვიფაროს, უჩა, ან ვინმე, როგორ გაბედავს, რომ სხვა ბიზნესში წილებში ჩაჯდეს. უჩამ მათ რიცხვში ბევრი იმუშავა. ახლაც ბაქოში იყო ჩასული. ტრანზიტის პრობლემა არსებობს, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ბიზნესი მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ის, რაც ამ ნიშნით სახელმწიფოს ეკუთვნის, დიდი ხანია, ჩემი პრემიერობის დროს სახელმწიფოზე გადანაწილდა. მათ მშვენივრად იციან, სად რა ფული კეთდებოდა, იმ ფულს გაყვნენ და ნახონ, სახელმწიფოში თუ არ მიდის. ის, რომ სხვა ბიზნესს უჩა აყაჩაღებს, ამას, პრინციპში, პასუხს არ გავცემ. ეს არის ის, რომ ფონს გასვლა ისევ სიცრუით უნდათ", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ყოფილმა პრემიერმა გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც უგულავა აღნიშნავდა, უჩა მამაცაშვილი ბიზნესთან ურთიერთობებს „ალაგებს“ და საარჩევნოდ კახა კალაძესთან ერთად ფულს აგროვებს.

კომენტარები