სასჯელაღსრულების სისტემა

ლევან კორტავას მკვლელობის საქმე გახსნილია

facebook.com/OfficialPOG

გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას საქმე გახსნილია. განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წლის 12 მაისს კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემის დროს შელაპარაკება მოხდა.

ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს, მეტსახელად "ბულდოგას". კორტავასა და შოთა სინაურიძეს შორის დაწყებული საუბარი გადაიზარდა კონფლიქტსა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. რის შემდეგაც სინაურიძემ და რამდენიმე სხვა პატიმარმა კორტავა სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დანაშაულის დამალვის მიზნით შანშაშვილმა და დანაშაულის სხვა მონაწილეებმა გამოძიებას ცრუ ჩვენებები მისცეს. 

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ილია შანშაშვილი სამსახურებრივი გულგრილობის, ასევე სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისა  და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ბრალდებებით დააკავეს. 

სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარედგინებათ N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს, ხოლო მტკიცებულების ფალსიფიკაციის ბრალდება - უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარიას.

ამ საქმეზე დაკავებულია ასევე ყოფილი მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულება 7 ივნისს დატოვა. 

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, ლერვან კორტავას გარდაცვალება კიბიდან გადმოვადრნამ გამოიწვია. 

კომენტარები