სასჯელაღსრულების სისტემა

ომბუდსმენი: ციხეებში პატიმართა უსაფრთხოების დაცვის კუთხით პრობლემებია

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის სექტემბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენის ძირითად თემად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა იქცა. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამება აღარ არის დამკვიდრებული პრაქტიკა და ციხეებში სამედიცინო მომსახურებაც გაუმჯობესდა, სამი დღის განმავლობაში სამი მსჯავრდებულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემებია".

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია, გადაიხედოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მუშაობის პრაქტიკა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი გულისყურით უნდა მოეკიდონ პატიმართა მოთხოვნებსა და საჩივრებს, მოახდინონ რისკ ფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. სუიციდის პრევენციის მიზნით კი, ომბუდსმენის შეფასებით, აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლების, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა, ფსიქიატრისა და სხვა სამედიცინო პერსონალის კოორდინირებული მუშაობა.

"გარდაცვლილთა საქმეების დეტალურად შესწავლამ ცხადყო, რომ აუცილებელია გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. თავის მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დეტალურად უნდა შეისწავლოს სასჯელაღსრულების N17 და N6 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და მიიღოს ქმედითი ზომები, რათა დაცული იყოს პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა" - ნათქვამია სახალხო დამცველის სექტემბრის თვის ბიულეტენში.

ცნობისთვის, N17 დაწესებულებაში 15 და 17 სექტემბერს ორი პატიმარი, ხოლო 16 სექტემბერს, რუსთავის N6 დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებული  გარდაიცვალა

კომენტარები