საფრანგეთის ელჩმა, რენე სალენსმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია მე-9 არხთან, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ''კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი''.
"ENA არის სკოლა, რომელშიც ისწავლა საფრანგეთის სამმა პრეზიდენტმა, შვიდმა პრემიერმინისტრმა და ძალიან ბევრმა მინისტრმა, მათ შორის სამმა იუსტიციის მინისტრმა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები წყვეტენ, რომელ ადმინისტრაციაში გააგრძელებენ მუშაობას. როდესაც მე ვამბობ ადმინისტრაციას, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ იურისტებად. თუ კითხვა არის დასმული ასე - იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი", - განაცხადა რენე სალენსმა.
დღესვე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ, ქსავიერ როუარდმა, სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და არა სამართლის. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, დალი კანდელაკმა დაუდასტურა. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.