"როდესაც დაბრუნების გადაწყვეტილებას ვიღებდი, გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზები მქონდა აქ შექმნილ გარემოზე, რაც გავლენას იქონიებდა ჩემი და ჩემი მეგობრების საქმეების განხილვაზე", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ოქრუაშვილის თქმით, შეცვლილი მხოლოდ აეროპორტის პოლიციასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, სხვა შემთხვევაში კი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სააკაშვილის დროინდელ საქართველოში დაბრუნდა.
ინტერვიუში ოქრუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტსაც შეეხო, რომელმაც ის და კიდევ რამდენიმე პირი პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღო.
"ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ჩემი საქმეების ბედი წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ იმას ნამდვილად არ ველოდი, რომ შავზე იტყოდნენ, თეთრიაო და ცინიკური და გაუგებარი არგუმენტებით ასე, ერთი ხელის მოსმით გვეტყოდნენ უარს. პირველი - ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ამას აკეთებს შენი ყოფილი ადვოკატი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ყველა იმ საქმის "შეკერვის" ისტორია, რის გამოც ამ სიის შედგენა 2007 წელს ჩემით დაიწყო; და მეორე - ძალიან უცნაურია, რომ ერთსა და იმავე საქმეზე (ე.წ. ზილების საქმეს ვგულისხმობ) ათ კაცზე მეტი მოხვდა ამ სიაში, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილ პირებს უარი ეთქვათ", - აცხადებს ოქრუაშვილი.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით იგივე გარემო დახვდა, რაც სააკაშვილისა და ადეიშვილის დროს იყო.
"უპირველესად თვალში გვხვდება, რომ საქმეზე გამოდიან იგივე პროკურორები, რომლებიც ადეიშვილმა გამოყო, ანუ ისინი, რომლებმაც შეთითხნეს ბრალდება, თითქოს 9 კაცი ერთი ხელის მოსმით ვაპირებდით სახელმწიფო გადატრიალებას", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდა და საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. ის შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაშია ბრალდებული. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს.




