ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ჩაგოსის კუნძულების შესყიდვას განიხილავს, რამაც შესაძლოა, ჩაშალოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერის გეგმები, რომ ტერიტორიაზე სუვერენიტეტი მავრიკის სახელმწიფოს გადაეცეს.
Telegraph-ის მიხედვით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს წინადადება, რათა ჩაგოსის უდიდეს ატოლ დიეგო გარსიაზე კონტროლის დასამყარებლად, გაერთიანებული სამეფოს გვერდის ავლით, შეთანხმება დადონ. ცნობისთვის, დიეგო გარსიაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს.
გამოცემის ცნობით, ეს წინადადება ერთ-ერთია თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ ვარიანტებს შორის, რომელთა მიზანიცაა, რომ ჩინეთისა და ირანის მოკავშირე მავრიკისთვის კუნძულებზე კონტროლის გადაცემის ნაცვლად ალტერნატიული წინადადებების განხილვა მოხდეს.
საკითხზე ინფორმირებულმა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Telegraph-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი რეგულარულ დისკუსიებს მართავს სტარმერის მთავრობასთან, რათა დიეგო გარსიას მომავალი უზრუნველყოფილი იყოს.
წყაროების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციისთვის კუნძულების შესყიდვა ყველაზე სასურველ ვარიანტს არ წარმოადგენს, თუმცა, ეს წინადადება აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა წამოაყენა.
ჩაგოსის კუნძულების ფასი ჯერჯერობით არ განუხილავთ. თავდაპირველად ბრიტანეთი მავრიკისთვის კუნძულების გადაცემასა და შემდგომ £35 მილიარდის გადახდას გეგმავდა, რათა გაერთიანებულ სამეფოს 99-წლიანი იჯარით სამხედრო ბაზაზე კონტროლი ჰქონოდა.
Telegraph-ის ინფორმაციით, კუნძულებზე კონტროლის დასამყარებლად საჭირო იქნება, რომ აშშ-მ მავრიკისთვის კუნძულების გადაცემა დაუშვას, ხოლო სუვერენიტეტის გადაცემის შემდეგ თეთრ სახლს მოლაპარაკებების გამართვა მავრიკის მოსახლეობასთან მოუწევს.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაპირველად მხარს უჭერდა სტარმერის შეთანხმებას, თუმცა, მოგვიანებით მის წინააღმდეგ გამოვიდა, მას შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმა აშშ-ს დიეგო გარსიადან ირანის წინააღმდეგ იერიშების მიტანის ნება არ დართო.
სტარმერის მთავრობა მავრიკისთვის ჩაგოსის კუნძულების გადაცემის შესახებ კანონპროექტის მიღებას 2025 წელს აპირებდა, თუმცა, შეთანხმების გაფორმება და კუნძულებზე კონტროლის მავრიკისთვის გადაცემა აშშ-ს თანხმობის გარეშე ვერ მოხდა.




