ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილის ადვოკატი: მოულოდნელი იყო, არაფერი მოასწავებდა მის დაკავებას

რუსთავი 2

ირაკლი ოქრუაშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

მასთან ადვოკატი უკვე შევიდა. შესვლამდე მამუკა ჭიაბრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"დაკავებულია 20-21 ივნისის მოვლენებზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მოვედი, რომ მენახა, ამ წამს ვესაუბრე გამომძიებელს და სულ ეს წუთია წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღმის მასივში. არ გავცნობივარ არაფერს, გზაში ვიყავი... დღეს ჩვენ შევხვდით მისი მძღოლის საქმესთან დაკავშირებით, 4-დან 5-მდე ერთად ვიყავით, დღევანდელ დაკავებას არ ველოდით იმიტომ, რომ გუშინ იყო გამოკითხვაზე დაბარებული მოსამართლესთან, დღეს ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა და არაფერი არ მოასწავებდა იმას, რომ ის დაეკავებინათ,“ - თქვა ადვოკატმა მამუკა ჭიაბრიშვილმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ასევე, იმავე ბრალდებით დაკავებულია კიდევ 4 პირი. 

შსს-ის წარმომადგენლის, მამუკა ჭელიძის განცხადებით: 

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.

ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.". 

ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და რუსთავი 2-ის მისთვის გადაცემა მოითხოვა

ასევე, პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა და 11 ივნისს მისი პრეზენტაციაც გამართა. 

შსს-მ 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაში 17 პირი მისცა, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება.  

კომენტარები