NDI-იმ საქართველოს მოსახლეობა საგარეო ურთიერთობებზეც გამოკითხა. მათი 66% რუსეთს საქართველოსთვის საფრთხედ მიიჩნევს. 22% კი საპირისპიროდ ფიქრობს. მოსახლეობის 12% პროცენტს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან მოსწონს, 79%-ს კი - არა. მოსახლეობის 68% მხარს უჭერს რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას აფხაზეთის გავლით. იმავე რაოდენობას მოსწონს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ახალი თანამდებობის გამოცხადება.
ქვეყნის მოსახლეობის 77% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. 71% NATO-ში გაწევრიანების მომხრეა. საქართველოს მთავრობის თხოვნა, რომ ამერიკამ გაზარდოს საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა, 42%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. 21%-თვის კი მიუღებელია.
მოსახლეობის 22% ელის, რომ საქართველო NATO-ს წევრი 2016 წლამდე გახდება, 17%-ის აზრით კი, 2016 წლის შემდეგ. 51%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა ამა წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).




