NDI

NDI: წინასაარჩევნოდ ორ პარალელურ საქართველოს წავაწყდით

"წინასაარჩევნოდ დელეგაცია ორ განსხვავებულ საქართველოს წავაწყდით" - ასეა შეფასებული წინასაარჩევნო გარემო NDI-ის მონიტორინგის ჯგუფის შუალედურ ანგარიშში. NDI-ის შეფასებით, მონიტორინგის დროს, ორი რეალობა დაინახეს - ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის მიერ და მეორე, რომელიც ყველა სხვა საპარლამენტო და არასაპარალმენტო პარტიამ აღწერა.

"პირველი ჯგუფის აზრით, დემოკრატიული გამოწვევები მცირეა: მედიის თავისუფლებას და ხელმისაწვდომობას საფრთხე არ ემუქრება; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების განხილვა სწრაფად და მიუკერძოებლად ხდება; სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის კუთხით დაბრკოლებები მცირეა და კონსტიტუციური თუ სამართლებრივი რეფორმები მხარეების თანამონაწილეობით და დემოკრატიული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. მეორე რეალობა, რომელიც გაზიარებულია პროცესში ჩართული თითქმის ყველა სხვა მხარის მიერ, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედია სივრცით; არაფორმალური მმართველობით; და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით", - წერია NDI-ის მონიტორინგის ჯგუფის შუალედურ ანგარიშში.

ანგარიში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ მომზადდა. დელეგაციის მიზანი 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასებაა. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ირლანდიის სენატის თავმჯდომარის მოადგილე და სპიკერი ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებზე ქეთრინ ნუნი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში დევიდ კრამერი; პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი იანუშ ონიშკევიჩი; NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი; დამოუკიდებელი ექსპერტი საარჩევნო საკითხებზე მარია ბაბიჩი ; NDI-ის საქართველოს, თურქეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროგრამების დირექტორი მელისა მუსიო და NDI-ის საარჩევნო პროგრამების უფროსი მენეჯერი მაიკლ მაკნოლტი.

კომენტარები