პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს, 11 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირი საქართველოს პრეზიდენტმა სოზარ სუბარის თხოვნით შეიწყალა.
სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტს მძიმე და უკიდურესად მძიმედ დაავადებული პატიმრების შეწყალების თაობაზე, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მინისტრის უშუალო შუამდგომლობით შესაწყალებელთა სია გადაიგზავნა.
"დოკუმენტაციის შემოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი აქტი და ეს პირები შეიწყალა. ამ სიაში აღმოჩნდა თენგიზ გ., რომელიც მძიმედ დაავადებულ პატიმართა ჩამონათვალში შედიოდა და რომელიც, მინისტრის თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაუყოვნებლივ გათავისუფლებას საჭიროებდა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული პირის ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მის სახელსა და გვარს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე სპეციალურად არ ვასახელებთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ 7 დეკემბერს მინისტრის თხოვნის საფუძველზე შეწყალებული პირი, რომელმაც 9 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა, იდენტურია. ეს პირი 2007 წლიდან სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა 2012 წლის 9 დეკემბერს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ბრალდებული ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი ყაჩაღობისთვის 11-წლიან სასჯელს იხდიდა. თენგიზ გ. 2012 წლის 7 დეკემბერს საპატიმროდან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს".




