პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საგარეო: სამწუხაროა, რომ მსოფლიოში აღიარებული განლაგების წესი პრეზიდენტისთვის მიუღებელია

"სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა" - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე თანამდებობის პირთა განლაგების წესი, რომელიც პრეზიდენტმა გააკრიტიკა, მსოფლიოშია აღიარებული.  

"ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები. 

მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი. პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. 

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

დღეს, 26 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის არმისვლასთან დაკავშირდებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კონფერენციაზე საყოველთაოდ აღიარებული სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლი დაარღვიეს. 

"დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში". - ეწერა განცხადებაში. 

კომენტარები