ევრო 2012

ესპანეთი 4:0 ირლანდია

ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ესპანეთმა ირლანდია არ დაინდო - მეტოქე 4:0 გაანადგურა. ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე წაუგებელი სერია განაგრძეს და ახლა ის რვა მატჩისგან შედგება - ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში პირენეელებმა ტურნირი დაუმარცხებლად მოიგეს! ეს იყო ამ გუნდების მეოცე მატჩი: ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრებმა ირლანდიელები მეთორმეტედ დაამარცხა!

ევრო 2008-ის ფინალში ერთადერთი გოლის გამტანმა ფერნანდო ტორესმა მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში: ირლანდიელ მცველებს საჯარიმოში აართვა ბურთი, შესანიშნავად გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და შეი გივენს შანსი არ დაუტოვა - 1:0. საგოლე შეტევა ანდრეს ინიესტამ დაიწყო, რომლის პასის შემდეგ დავიდ სილვა ირლანდიელთა მცველების გარემოცვაში აღმოჩნდა.

მეორე გოლი მეორე ტაიმის მე-4 წუთზე გავიდა - მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგის მომგებმა დავიდ სილვამ ბრწყინვალედ ითამაშა და სუსტი, მაგრამ ძალიან ზუსტი დარტყმით შეაგორა ბურთი შეი გივენის კარში. ესპანელთა ნახევარმცველმა მეკარის გარდა ირლანდიელთა სამ მცველსაც აჯობა - 2:0.

70-ე წუთზე 28 წლის ელ ნინიომ - ფერნანდო ტორესმა მეორე გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა დავიდ სილვამ შეასრულა. ლონდონის ჩელსის თავდამსხმელმა ირლანდიელების წინააღმდეგ 94-ე შეხვედრა ჩაატარა ქვეყნის პირველ გუნდში და 30-ე გოლიც გაიტანა. ტორესი ვისენტე დელ ბოსკე გუნდის იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანია, ვისაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია 15-წლამდელებით დაწყებული ეროვნულით დასრულებული.

მალე დელ ბოსკემ ტორესი სესკ ფაბრეგასით შეცვალა. ბარსელონას ნახევარმცველმა 74-ე წუთზე მატჩის უკანასკნელი გოლი გაიტანა: მარცხენა კუთხიდან უძლიერესი დარტყმით შეაგდო ირლანდიელთა კარში - 4:0. ფაბრეგასმა იტალიასთან ჯგუფის პირველ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი.

ოთხი გოლის გარდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონებმა კიდევ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჯოვანი ტრაპატონის გუნდის მეკარის, ვეტერანი შეი გივენის თამაში - ფეხბურთელმა, რომლის ანგარიშზეც ქვეყნის პირველ გუნდში ასზე მეტი შეხვედრაა, რამდენიმე გაშვებული გოლისგან იხსნა ირლანდია. მისგან განსხვავებით, ესპანელთა კაპიტანს იკერ კასილიასს ბევრი საქმე არ ჰქონია.

ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ბოლო ათი საერთაშორისო შეხვედრიდან მეშვიდე მოიგო და აქედან მესამე დიდი ანგარიშით: ირლანდიელებამდე ესპანელებმა ამხანაგურ მატჩებში ვენესუელა და კორეა გაანადგურეს 5:0 და 4:1.

„ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და ეს მე გულწრფელად მიხარია. განსაკუთრებით კარგად იასპარეზეს ცენტრალურმა მცველებმა - მათი საიმედო მოქმედების წყალობით, დაცვაში პრობლემები არ გვქონდა. რაც შეეხება ფერნანდო ტორესს, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია - ორი გოლის გარდა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, თანაგუნდელებს უდიდეს თავისუფალ სივრცეს უქმნიდა. ჩვენ ხორვატებთანაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ - ფრეც გვაწყობს, მაგრამ ყაიმზე თამაში არ გვჩვევია,“ - განაცხადა ესპანეთის ნაკრების გამოცდილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ.

მისი და ხორვატიის ნაკრების მატჩის პარალელურად, 18 ივნისს იტალია ირლანდიას გაეჯიბრება. ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა მეოთხედფინალში გასვლის შანსი უკვე დაკარგა.

* * *

14 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, II ტური. გდანსკი, არენა

ესპანეთი 4:0 ირლანდია

გოლები: 1:0 ფ.ტორესი (4), 2:0 დ.სილვა (49), 3:0 ფ.ტორესი (70), 4:0 ს.ფაბრეგასი (83)

ესპანეთი: ი.კასილიასი (კაპ), ხ.პიკე,  ა.არბელოა, ს.რამოსი, ხ.ალაბა, ს.ბუსკეტსი, ა.ინიესტა (ს.კასორლა 80), ხავი, ხ.ალონსო (ხ.მარტინესი 65), დ.სილვა, ფ.ტორესი (ს.ფაბრეგასი 74)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

ირლანდია: შ.გივენი, შ.სენტ-ლეჯერი, ს.უორდი, ჯ.ოში, რ.დანი, გ.უელანი (პ.გრინი 80), ე.მაკგიდი, კ.ენდრიუსი, ს.კოქსი (ჯ.უოლტერსი 46), რ.კინი (კაპ), დ.დაფი (ჯ.მაკლინი 76)

მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი (იტალია)

გაფრთხილება: რ.კინი, გ.უელანი, ხ.ალონსო, ხ.მარტინესი, შ.სენტ-ლეჯერი

მსაჯები: პ.პროენშა (პორტუგალია); ბ.მირანდა (პორტუგალია), რ.სანტუში (პორტუგალია)

კომენტარები