ევრო 2012

პორტუგალია 1:0 ჩეხეთი

პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები ევრო 96-ის შემდეგ მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში: 1996 წლის 23 ივნისს, ბირმინგემის ვილა პარკზე გამართული ის მატჩი ჩეხებმა კარელ პობორსკის ერთადერთი და ეფექტური გოლით 1:0 მოიგეს. ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში პორტუგალიამ ჯგუფში 3:1 გაიმარჯვა: დეკუს, კრიშტიანუ რონალდუს და რიკარდო კუარეშმას სამ გოლს ჩეხებიდან მხოლოდ ლუბოშ სიონკომ უპასუხა.

გუშინდელი თამაში პაულო ბენტუს სრული უპირატესობით წარიმართა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პორტუგალიელთა მეკარე რუი პატრისიუ ერთადერთხელ ჩაერთო თამაშში - პეტრ ჟირაჩეკის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი უპრობლემოდ დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ჩეხებმა შეტევა გააძლიერეს, პირენეელთა საჯარიმოში პეპე და ბრუნო ალვეში მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. გუშინ ორივე ცენტრალურმა მცველმა შესანიშნავად ითამაშა.

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე პირველი. შესვენებამდე პორტუგალიელები უფრო აქტიურობდნენ: კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი ერთხელ მოიგერია ჩეხის კარის ძელმა და ერთხელაც მეკარემ უკუაგდო მადრიდის რეალის ლიდერის დარტყმა, თუმცა ამ შემთხვევაში არბიტრმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა.

მეორე 45 წუთში ბენტუს გუნდის უპირატესობა გაიზარდა და ჩეხების კართან სახიფათო მომენტებმაც იმატა: ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად მეექვსედ აღიარებულმა პეტრ ჩეხმა იმავე რონალდუს, შეცვლაზე შესული უგო ალმეიდას, ფაბიო კოენტრაუს და ნანის ძალიან სახიფათოდ დარტყმული ბურთები მოიგერია, გოლამდე კი კრიშტიანუმ კიდევ ერთხელ შეაზანზარა კარის ძელი.

პორტუგალიელთა კაპიტანი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე უდავოდ საუკეთესო იყო და სამართლიანია, რომ გოლის გარეშე არ დატოვა მინდორი: თანაგუნდელის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი 79-ე წუთზე თავური დარტყმით შეაგდო ჩეხის კარში. მეკარემ გადახტომა კი მოასწრო, მაგრამ მოგერიება - ვერა. რონალდუს წინააღმდეგ საჯარიმოში გებრე სელასიე იდგა, რომელიც ბურთის მოსაგერიებლად, რატომღაც არ წავიდა, განაპირა მცველის შეცდომა კი მიხალ ბილეკის გუნდს ევროპის ჩემპიონატის დასრულებად დაუჯდა.

ეს რონალდუს მესამე გოლია ამ ტურნირზე და ამ შედეგით ის ალან ძაგოევს, მარიო მაჯნუკიჩს და მარიო გომესს გაუთანაბრდა. ამათგან მხოლოდ გერმანიის ნაკრების ფორვარდი შემორჩა ევროპირველობას. ისე კი, ეს იყო კრიშტიანუს მეათე ზუსტი დარტყმა ევრო 2012-ის მთლიან ციკლში: მადრიდის რეალის მაისურით გასულ სეზონში 60 ბურთის შემგდებმა რონალდუმ საკვალიფიკაციოში შვიდჯერ გაიტანა.

ჩეხების წინააღმდეგ რონალდუმ 94-ედ ითამაშა ნაკრებში და მანუელ რუი კოშტას გაუთანაბრდა. ნახევარფინალში ის, სავარაუდოდ, ამ უკანასკნელსაც გაასწრებს და ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს: წინ მხოლოდ ფერნანდო კოუტუა 110 მატჩით და რეკორდსმენი ლუიშ ფიგუ, რომელმაც გუნდის მაისური 137-ჯერ მოირგო. სხვათა შორის, ჩეხებთან მატჩს ფიგუ მეორე ლეგენდარულ პორტუგალიელთან, ეუსებიოსთან ერთად ადევნებდა თვალს.

პორტუგალია ბოლო ოთხ ჩემპიონატში მესამედ გავიდა ნახევარფინალში: 2000 წელს, ბელგია-ჰოლანდიაში სამხრეთელები დამატებით დროში დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონთან საფრანგეთთან, 2004 წელს ნახევარფინალი დაძლიეს და ფინალშიც გავიდნენ, ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში კი მეოთხედფინალში დაასრულეს ასპარეზობა.

პაულო ბენტუს გუნდის მეტოქე ხვალ ესპანეთის და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩში გამოვლინდება, ნახევარფინალს კი 27 ივნისს დონეცკის დონბას არენა უმასპინძლებს.

* * *

21 ივნისი, 2012. ევრო 2012 –1/4 ფინალი. ვარშავა, ეროვნული, 55590

პორტუგალია 1:0 ჩეხეთი

გოლი: 1:0 კ.რონალდუ (79)

პორტუგალია: რ.პატრისიუ, ჟ.პერეირა, პეპე, ბ.ალვეში, ფ.კოენტრაუ, რ.მეირელეში (როლანდო 88), მ.ველოსო, ჟ.მოუტინიუ, ნანი (კუშტოდიუ 84), ე.პოსტიგა (უ.ალმეიდა 40), კ.რონალდუ (კაპ)

მწვრთნელი: პაულო ბენტუ

ჩეხეთი: პ.ჩეხი (კაპ), თ.გებრე სელასიე, ტ.სივოკი, მ.კადლეცი, დ.ლიმბერსკი, ტ.ჰუბშმანი (ტ.პეხარტი 86), ი.პლასილი, პ.ჟირაჩეკი, ვ.დარიდა (ი.რეზეკი 61), ვ.პილარი, მ.ბაროში

მწვრთნელი: მიხალ ბილეკი

გაფრთხილება: ნანი, მ.ველოსო, დ.ლიმბერსკი

მსაჯები: ჰ.ვები (ინგლისი); მ.მალარკი (ინგლისი), ვ.ვან როეკელი (ჰოლანდია)

 

კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

კომენტარები