ევრო 2012

ესპანეთი 2:0 საფრანგეთი

გუშინ, დონეცკის დონბას არენაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ესპანეთი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდია. ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს ლორან ბლანის საფრანგეთი, რომელიც ევრო 2012-ის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. ესპანელებმა ფრანგებს პირველად მოუგეს დიდ საფეხბურთო ტურნირებზე.

საკმაოდ მოსაწყენ შეხვედრაში, რომელიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთა კარნახით წარიმართა, ესპანეთის ნაკრებს პრობლემა არ ჰქონია. გუნდის კაპიტანი და მეკარე იკერ კასილიასი ერთადერთხელ ჩაერთო თამაშში - ფრანკ რიბერის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ჩაჭრა. ეს იყო და ეს - ბლანის გუნდს დონეცკში დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია და ის მოლოდინიც, რომ ფრანგები სამი ლეგენდარული მოთამაშის იუბილეს სათანადოდ აღნიშნავდნენ, არ გამართლდა. გუშინ დაბადების დღე იზეიმეს ევროპის 1984 წლის ჩემპიონმა ალენ ჟირესმა და ევრო 2000-ის ტრიუმფატორებმა ზინედინ ზიდანმა და პატრიკ ვიეირამ.

ესპანეთის და საფრანგეთის ნაკრებები ევროპირველობების ფინალურ ეტაპზე მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უკვე ხსენებულ ევრო 84-ზე, ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელმა ფრანგებმა მიშელ პლატინის და ბრუნო ბელიონის გოლებით 2:0 სძლიეს ესპანელებს და პირველად მოიგეს ანრი დელონეს სახელობის თასი, 2000 წელს კი ამ გუნდების გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა. კვლავ ფრანგებმა იმარჯვეს - ზინედინ ზიდანის და იური ჟორკაეფის გოლებს ესპანელთაგან მხოლოდ გაისკა მენდიეტამ უპასუხა. სხვათა შორის, იმ დღეს საფრანგეთის პირველი გუნდის ღირსებას ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლორან ბლანიც იცავდა.

დელ ბოსკეს გუნდმა პირველი გოლი მე-19 წუთზე შეაგდო: ანდრეს ინიესტამ და ხორდი ალაბამ მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს მეტოქეს, თავდასხმა ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებით გაგრძელდა, თავდამსხმელთა დასახმარებლად შეტევაში ჩართულმა ხაბი ალონსომ კი ბრწყინვალედ ისარგებლა მცველების უყურადღებობით და თავური დარტყმით დალაშქრა უგო ლორისის კარი. გუშინ მადრიდის რეალის ნახევარმცველმა საიუბილეო, მეასე შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ნაკრებში. ამ შედეგით მან კარლეს პუიოლს გაასწრო და ახლა მეხუთე ადგილზეა. მხოლოდ იკერ კასილიასს (135 მატჩი), ანდონი სუბისარეტას (126), ხავის (113) და რაულს ჩამორჩება (102).

მეორე გოლიც მანვე მიითვალა: მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ანტუან რევეილემ საჯარიმოში წააქცია ბარსელონას შემტევი ნახევარმცველი პედრო როდრიგესი და იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ სამართლიანად დანიშნა პენალტი. ხაბი ალონსომ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა - 2:0. ეს მისი მეთხუთმეტე გოლია ნაკრებში, დუბლი კი მესამედ შეასრულა: 2008 წელს დანიას, ერთი წლის შემდეგ კი არგენტინას გაუტანა ორ-ორი გოლი. ორივე თამაში ამხანაგური იყო.

27 ივნისს ესპანეთი ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევრონახევარფინალს. დელ ბოსკეს გუნდის მეტოქე ჩეხეთის მძლეველი პორტუგალია იქნება. მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ თანაკლუბელების იკერ კასილიასის, სერხიო რამოსის, ალვარო არბელოას, ხაბი ალონსოს და სხვათა წინააღმდეგ გავა დონეცკის შახტარის საშინაო სარბიელზე.

* * *

23 ივნისი, 2012. ევრო 2012 –1/4 ფინალი. დონეცკი, დონბას არენა, 47000

ესპანეთი 2:0 შვეიცარია

გოლები: 1:0 ხ.ალონსო (19), 2:0 ხ.ალონსო (90, პენ)

ესპანეთი: ი.კასილიასი (კაპ), ხ.ალაბა, ს.რამოსი, ხ.პიკე, ა.არბელოა, ა.ინიესტა (ს.კასორლა 84), დ.სილვა (პ.როდრიგესი 65), ხ.ალონსო, ს.ბუსკეტსი, ხავი, ს.ფაბრეგასი (ფ.ტორესი 67)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საფრანგეთი: უ.ლორისი (კაპ), ა.რევეილე, ა.რამი, ლ.კოშიელნი, ი.მ’ვილა (ო.ჟირუ 79), გ.კლიში, ი.კაბაიე, ფ.რიბერი, ფ.მალუდა (ს.ნასრი 65), მ.დებუში (ჟ,მენეზი 64), კ.ბენზემა

მწვრთნელი: ლორან ბლანი

გაფრთხილება: ს.რამოსი, ი.კაბაიე, ჟ.მენეზი

მსაჯები: ნ.რიცოლი (იტალია); რ.ფავერანი (იტალია), ა.სტეფანი (იტალია)

კომენტარები