ევრო 2012

გერმანია 4:2 საბერძნეთი

გერმანიის ნაკრებმა მეხუთედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და მეხუთედ გავიდა შემდეგ ეტაპზე: იოახიმ ლიოვის გუნდმა 4:2 დაამარცხა საბერძნეთი და ფერნანდო სანტუშის გუნდი სამშობლოში გააბრუნა. თავის მხრივ, ბერძნებმა მეორედ იამაშეს ამ ეტაპზე: 2004 წელს, პორტუგალიაში გუნდმა არათუ მეოთხედფინალი, ნახევარფინალიც დაძლია და ჩემპიონიც გახდა.

გდანსკის არენაზე ბუნდესგუნდი მეტოქესთან შედარებით ძალიან ძლიერი აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევრის დასაწყისში ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს, ლიოვის გუნდმა სულ სხვა თამაში შესთავაზა მეტოქეს, ზეწოლას კი საბერძნეთმა ვერ გაუძლო. გერმანიამ, რომელიც მეტოქეს პირველად 52 წლის წინ დაუპირისპირდა, ბერძნებთან დაუმარცხებელი სვლა განაგრძო - მეექვსედ იმარჯვა, მათი სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა. სხვათა შორის, ამ გუნდების ბოლო პაექრობა, რომელიც 2001 წლის 28 მარტს შედგა ათენში მსოფლიოს 2002 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში, ზუსტად ამ ანგარიშით დასრულდა - 4:2 და მაშინაც ბუნდესნაკრებმა გაიმარჯვა.

გუშინდელ შეხვედრაში ანგარიში ევროპის ვიცე-ჩემპიონთა კაპიტანმა ფილიპ ლამმა გახსნა. გერმანელთა ხშირი თავდასხმები ფორვარდებმა და ნახევარმცველებმა სათანადოდ ვერ დაასრულეს, 39-ე წუთზე კი წინახაზელებს ლამიც მიეშველა და საჯარიმოს გარედან ძლიერი და ზუსტი დარტყმით დალაშქრა სიფაკისის კარი. მეკარემ ბურთს ხელი წაარტყა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 1:0. მიუნხენის ბაიერნის მცველმა საბერძნეთთან 90-ედ მოირგო გერმანიის მთავარი საფეხბურთო გუნდის მაისური და მეხუთედ დაარტყა ზუსტად. საგოლე პასი მესუტ იოზილმა მიითვალა - კარგად დაუგორა ბურთი კაპიტანს.

ფერნანდო სანტუშის გუნდმა შესვენების შემდეგ გაათანაბრა: დიმიტრის სალპინგიდისი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, საჯარიმოში ჩაწოდებაც შეძლო, იქ კი გერმანელთა ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი ამ ევროზე პირველად შეცდა, სათანადოდ ვერ ითამაშა და გლაზგოს სელტიკის ფორვარდმა გიორგოს სამარასმა ბურთი მანუელ ნოიერის კარში შეაგდო - 1:1. ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

გერმანია წარმოშობით ტუნისელმა სამი ხედირამ დააწინაურა. 61-ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა ბოატენგმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, მადრიდის რეალის საყრდენმა ნახევარმცველმა კი დასწრებაზე ითამაშა და ერთი შეხებით ეფექტური გოლიც შეაგდო - 2:1. ევროპის 2009 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ხედირამ ნაკრებში 31-ე მატჩში მხოლოდ მეორე გოლი გაიტანა.

68-ე წუთზე გერმანიის ყველა დროის მეორე საუკეთესო გოლეადორმაც გაიტანა: რომის ლაციოს 34 წლის ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით შეაგდო ბურთი. ამ შემთხვევაში მეკარე გამოსვლისას აშკარად შეცდა, ბომბარდირმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:1. გდანსკში კლოზემ 120-ედ ითამაშა ნაკრებში და 64-ე გოლი გაიტანა. შედეგიანი დარტყმების მხრივ თავდამსხმელს მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერი უსწრებს: მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ 62 თამაშში 68 ბურთი მიითვალა. რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს, კლოზე ამ მხრივ მხოლოდ ლოთარ მათეუსს ჩამორჩება - გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ქვეყნის პირველ გუნდში 150-ჯერ იასპარეზა.

მეოთხე გოლი 74-ე წუთზე 23 წლის მარკო როისმა ასევე ლამაზად გაიტანა: ბრწყინვალედ გამოიყენა მეკარის და მცველების კიდევ ერთი შეცდომა, ერთი შეხებით უძლიერესად დაარტყა და სიფაკისის კარის „ცხრიანში“ გაახვია ბურთი - 4:1. როისმა გდანსკში პირველად ითამაშა ევრო 2012-ზე, ბუნდესგუნდში კი მეორე გოლი მიითვალა: კონტინენტის პირველობის დაწყებამდე, შვეიცარიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

მეორე მეოთხედფინალის უკანასკნელი გოლი ბერძნებმა გაიტანეს. სლოვენიელ მსაჯს დამირ სკომინას საჯარიმოში ბოატენგის ხელით თამაში არ გამოეპარა, თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, სალპინგიდისმა კი ნოიერს შანსი არ დაუტოვა - 4:2.

გერმანიის ნაკრების მეტოქე ხვალ, იტალიის და ინგლისის დაპირისპირებაში გამოვლინდება. როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპირველობის უკანასკნელი მეოთხედფინალი, ნახევარფინალში გულშემატკივრებს ყველა შემთხვევაში გრანდთა ჭიდილი ელით.

* * *

22 ივნისი, 2012. ევრო 2012 –1/4 ფინალი. გდანსკი, არენა, 38751

გერმანია 4:2 საბერძნეთი

გოლები: 1:0 ფ.ლამი (39), 1:1 გ.სამარასი (55), 2:1 ს.ხედირა (61), 3:1 მ.კლოზე (68), 4:1 მ.როისი (74), 4:2 დ.სალპინგიდისი (89, პენ)

გერმანია: მ.ნოიერი, მ.ჰუმელსი, ჰ.ბადშტუბერი, ჯ.ბოატენგი, ფ.ლამი (კაპ), ს.ხედირა, მ.იოზილი, ბ.შვაინშტაიგერი, მ.როისი (მ.გიოტცე 80), მ.კლოზე (მ.გომესი 80), ა.შიურლე (თ.მიულერი 67)

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

საბერძნეთი: მ.სიფაკისი, ვ.ტოროსიდისი, ს.პაპასტათოპულოსი, კ.პაპადოპულოსი, გ.ცაველასი (თ.გეკასი 46), გ.მაკოსი (ნ.ლიბეროპულოსი 72), ი.მანიატისი, ს.ნინისი (გ.ფოტაკისი 46), კ.კაცურანისი (კაპ), გ.სამარასი, დ.სალპინგიდისი

მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში (პორტუგალია)

გაფრთხილება: გ.სამარასი, ს.პაპასტათოპულოსი

მსაჯები: დ.სკომინა (სლოვენია); პ.არარი (სლოვენია); მ.ჟუნიჩი (სლოვენია)

კომენტარები