ევრო 2012

უკრაინა 2:1 შვედეთი

ამ მატჩით კონტინენტის ჩემპიონატის პირველი ტური დასრულდა. კიევში, სპეციალურად ევრო 2012-ისთვის განახლებულ ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინელებმა შვედებს უმასპინძლეს.

მეტოქეები მოედანზე კაპიტნებმა ანდრეი შევჩენკომ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიყვანეს. უკრაინელთა გუნდისთავი ახლო წარსულში მილანის ვარსკვლავი იყო, იბრაჰიმოვიჩი კი ახლა სარგებლობს ამ სტატუსით. გოლის გატანა ორივე კაპიტანმა მოახერხა: იბრაჰიმოვიჩმა ერთხელ გაიხარა, შევჩენკომ ორჯერ.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, მაგრამ სახიფათო მომენტი სულ რამდენჯერმე შეიქმნა: 25-ე წუთზე  უკრაინელებმა სწრაფად შეუტიეს მეტოქეს - ანდრეი შევჩენკო მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჩვეულად ვერ დაარტყა. ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

37-ე წუთზე ანდრეი ვორონინმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, შვედების კარის დარაჯმა ისაკსონმა ბურთი გაჭირვებით უკუაგდო, მაგრამ სახიფათო შეტევა მასპინძლებმა ვეღარ გააგრძელეს. ვორონინის დარტყმას შვედების კონტრშეტევა მოჰყვა, თუმცა საჯარიმოში შეჭრილ იბრაჰიმოვიჩს მცველი დაეწია და ბურთი აართვა.

39-ე წუთზე შევჩენკოს აქტიურობას სტუმართა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, მაგრამ კიევის დინამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის ანდრეი იარმოლენკოს დარტყმულ ბურთს მცველები გადაეღობნენ. უკრაინელთა კუთხური სკანდინავიელებმა იოლად მოიგერიეს.

მეორე ტაიმის საწყის თხუთმეტ წუთში სამი გოლი გავიდა. 52-ე წუთზე შვედებმა გახსნეს ანგარიში - თანაგუნდელის პასს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტერფი დაუხვედრა და ბურთი პიატოვის კარში შეაგორა - 0:1. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში 32-ე გოლი მიითვალა და ამ შედეგით ნაკრების 90-იანი წლების თავდამსხმელს კენეტ ანდერსონს გადაასწრო.

სამ წუთში ყველაფერი თავიდან დაიწყო: იარმოლენკომ მარჯვნიდან შეუტია, ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და გამოცდილმა შევჩენკომ ბრწყინვალე ნახტომში გაათანაბრა ანგარიში - 1:1. კიდევ შვიდ წუთში, 62-ე წუთზე უკრაინელებმა კუთხურის შემდეგ გაიხარეს: ანდრეი შევჩენკომ კვლავ დასწრებაზე ითამაშა და ისევ თავური დარტყმით გაიტანა - 2:1.

უკრაინელთა კაპიტანმა ქვეყნის პირველ გუნდში 47-ე და 48-ე გოლები გაიტანა. შევჩენკო გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მე-76 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ზუსტი და ძლიერი დარტყმა პიატოვმა მოიგერია. მილანის ფორვარდმა მოგერიებულ ბურთზეც სცადა თამაში, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევის გამო შეტევა შეაჩერა. უკრაინელთა მეკარემ მალე კრისტიან ვილჰელმსონის ძლიერი დარტყმაც მოიგერია.

„თამაშის წინ ანდრეის ვუთხარი, რომ ის ორ გოლს გაიტანდა. არ დამიჯერა, ეს ფანსტასტიური იქნებაო, მაგრამ ხომ ხედავთ - სასწაულები ხდება! თუ არ ჩავთვლით ზლატან იბრაჰიმოვიჩს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მეტოქემ. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, ბიჭებმა შეძლეს და მატჩი მოიგეს. ამის გამო მათ მხოლოდ ქება ეკუთვნმით,“ - განაცხადა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა.

თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ანდრეი შევჩენკომ სპეციალურ რეიტინგში 9,7 ქულა მიიღო. ასეთი მაღალი კოეფიციენტით ამ ევროპირველობაზე ჯერ არავინ შეუფასებიათ.

მომდევნო ტურში შევჩენკოს უკრაინა საფრანგეთს შეხვდება. ეს გუნდები რამდენიმე თვის წინ ამხანაგურ შეხვედრაში შეხვდნენ ერთმანეთს - უკრაინელები შინ 1:4 დამარცხდნენ.

 * * *

 11 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, I ტური. კიევი, ოლიმპიური, 64290

უკრაინა 2:1 შვედეთი

გოლები: 0:1 ზ.იბრაჰიმოვიჩი (52), 1:1 ა.შევჩენკო (55), 2:1 ა.შევჩენკო (62)

უკრაინა: ა.პიატოვი, ა.ტიმოშჩუკი, ტ.მიხალიკი, ო.გუსევი, ე.სელინი, ე.ხაჩერიდი, ს.ნაზარენკო, ა.იარმოლენკო, ე.კონოპლიანკა (მ.დევიჩი 90), ა.ვორონინი (რ.როტანი 84), ა.შევჩენკო (კაპ) (ა.მილევსკი 81)

მწვრთნელი: ოლეგ ბლოხინი

შვედეთი: ა.ისაკსონი, ო.მელბერგი, ა.გრანკვისტი, მ.ოლსონი, მ.როზენბერგი (ი.ელმანდერი 71), ს.ლარსონი (კ.ვილჰელმსონი 68), ო.ტოივონენი (ა.სვენსონი 62), რ.ელმი, მ.ლუსტიგი, კ.კალსტრიომი, ზ.იბრაჰიმოვიჩი (კაპ)

მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი

გაფრთხილება: კ.კალსტრიომი, რ.ელმი

მსაჯები: ჩ.ჩაქირი (თურქეთი); ბ.დურანი (თურქეთი), ტ.ონგუნი (თურქეთი)

კომენტარები