ევრო 2012

ტურნირს Filmmaster Events გახსნის

ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალს მარკო ბალიჩი და მისი კომპანია Filmmaster Events წარმოადგენს.

პოლონეთ-უკრაინა 2012 8 ივნისს, ვარშავაში, პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩით დაიწყება, თამაშამდე 20 წუთით ადრე კი ევროპირველობა საზეიმოდ გაიხსნება.

მარკო ბალიჩისთვის და მისი კომპანიისთვის ეს სპორტთან პირველი შეხება არაა: 2006 წელს, ტურინში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშები მისი დადგმული შოუთი გაიხსნა. 2009 წელს, დონეცკის შახტარის სტადიონის - დონბას არენა - პრეზენტაციას ასევე Filmmaster Events-ის დადგმული სანახაობა უსწრებდა წინ.

ცნობილია, რომ ევრო 2012-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალში 30 წლის უნგრელი პიანისტი ადამ გეორგიც დაუკრავს. მუსიკოსი, რომლის ბოლო კონცერტმაც ნიუ იორკის კარნეგი ჰოლში ანშლაგით ჩაიარა, შოპენის ერთ-ერთ ეტიუდს შეასრულებს.

ოფიციალური ინფორმაციით, Filmmaster Events-ს წარმოდგენაში მსოფლიოს 63 ქვეყნიდან 800-მდე მოხალისე მიიღებს მონაწილებას, სანახაობის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 150 მილიონზე მეტი მაყურებელი იხილავს.

 

კომენტარები