აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პრეზიდენტ ობამას ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე კოლუმბიაში ჩავიდნენ, სასწრაფოდ სამშობლოში დააბრუნეს და სამსახურიდან დროებით დაითხოვეს. გავრცელებული ცნობით, ისინი სამუშაოს მანამდე ვერ დაუბრუნდებიან, სანამ გამოძიება არ დაადგენს, ჩაიდინეს თუ არა შეუსაბამო ქმედებები. საქმე ეხება კოლუმბიის ქალაქ კართახენაში მომხდარ შემთხვევას, რომლის დეტალებს ვაშინგტონი ჯერჯერობით არ ახმაურებენ. სავარაუდოდ, ლაპარაკია პროსტიტუციაზე.
Los Angeles Times -ის ინფორმაციით, გასულ კვირაში კოლუმბიაში მიმდინარე სამიტის კულუარებში აქტიურად განიხილებოდა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების გარშემო სკანდალი.
გამოცემის ცნობით, მომხდარის კომენტირებისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებს მის საზღვრებს გარეთ წარადგენს მაქსიმალურად თავდაჭერილად და ღირსეულად უნდა იქცეოდეს. მან აგრეთვე, აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებამდე დაცვის თანამშრომლების ქმედებების შეფასებას არ აპირებს.
კოლუმბიაში, ამერიკის მეექვსე სამიტი 2 დღეს გრძელდებოდა. მასში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად რეგიონის 31 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა.




