სომხეთის არჩევნები 2026

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

წინასწარი საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი. 

ხმების 9.9%-ით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი "სომხეთი", რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, ხოლო პროკრემლისტური პარტია "აყვავებული სომხეთი," სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის გადალახვას ახერხებს, ხმათა 4%-ით.

წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ "სამოქალაქო კონტრაქტის" მანდატების რაოდენობა შესაძლოა, 71-დან 61-მდე შემცირდეს, თუმცა, მმართველი პარტია უმრავლესობას (მანდატების 57%-ს) მაინც შეინარჩუნებს, ოპოზიციური პარტიები კი ჯამში 44 მანდატს მიიღებენ. 

შედეგად, მმართველი პარტია "სტაბილურ" საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს, თუმცა, ვერ მოიპოვებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ორ-მესამედიან სუპერუმრავლესობას.

არჩევნებში გამარჯვების გამოცხადებისას პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი პარტიის პრიორიტეტია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სომხეთში "კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა" სრულად დაიშალოს. მანვე დაამატა, რომ "სამოქალაქო კონტრაქტი" მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს.

ფაშინიანის თქმით, მისი მთავრობა დასავლეთთან დაახლოების გზას განაგრძობს, თუმცა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას არ შეწყვეტს და რუსეთთან ურთიერთობას განავითარებს. 

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 59% იყო, რაც თითქმის 10 პროცენტული პუნქტით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს, როცა არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო. სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობის უმაღლესი მაჩვენებელი 2012 წელს იყო, როცა არჩევნებზე მოსახლეობის 61.8% მივიდა.

კომენტარები