ფეხბურთი

ლეო მესის სუპერრეკორდი

ბარსელონას ვარსკვლავმა ლეო მესიმ კიდევ ერთი რეკორდი მიითვალა: ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში, მილანთან 3:1 მოგებულ მატჩში სეზონში მე-13 და მე-14 გოლები შეაგდო, ამდენი ბურთი კი ლიგის ერთ გათამაშებაში არავის გაუტანია!

საუკეთესო მიღწევას - სეზონში 12 გოლი - ლეო მესი (2010-2011) და მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელი ექსფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი (2002-2003) იყოფდნენ. ხაზგასასმელია, რომ ამ უკანასკნელმა 2002-2003 წლებში 14 გოლი გაიტანა, თუმცა კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაში 12 - ორი ბურთი მან საკვალიფიკაციო ეტაპზე შეაგდო.

ერთ გათამაშებაში 14 გოლი ჩემპიონთა თასის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა: ვან ნისტელროიმდე ამდენი ბურთი 1962-1963 წლების სეზონის გამარჯვებული მილანის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟოზე ალტაფინიმ გაიტანა. ახლა მესის ერთპიროვნული რეკორდსმენობის ჩინებული შანსი აქვს: მისი გუნდი გათამაშებაში მინიმუმ კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს.

”ძალიან რთული თამაში იყო, ასეთ დროს კი პენალტების შესრულება საოცრად ძნელია. მიხარია, რომ ორჯერვე გავიტანე - პირველად მეკარემ კინაღამ მოიგერია ბურთი, მეორედ კი იმავე კუთხეში დარტყმა აღარ გავრისკე,” - განაცხადა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, რომლის კარიერა ახლა ჩემპიონთა ლიგის 65 მატჩში 51 გოლს ითვლის.

ჩემპიონთა თასის/ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში არგენტინელი მეოთხე ადგილზეა ტიერი ანრისთან ერთად. პირველი ესპანელი რაულია 71 ბურთით, მეორე რუუდ ვან ნისტელროი - 60, მესამე კი ანდრეი შევჩენკო - 59.

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირები

1992-93 რომარიო (ბარსელონა; ბრაზილია) – 7; 1993-94 რონალდ კუმანი (ბარსელონა; ჰოლანდია), ვინტონ რუფერი (ვერდერი; ახალი ზელანდია) – 8; 1994-95 ჟორჟ ვეა (მილანი; ლიბერია) – 8; 1995-96 იარი ლიტმანენი (აიაქსი; ფინეთი) – 9; 1996-97 ალი მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი; შოტლანდია) – 6; 1997-98 ალესანდრო დელ პიერო (იუვენტუსი; იტალია) – 10; 1998-99 ანდრეი შევჩენკო (კიევის დინამო; უკრაინა) – 10; 1999-00 რივალდო (ბარსელონა; ბრაზილია), მარიო ჟარდელი (პორტუ; ბრაზილია), სერგეი რებროვი (კიევის დინამო; უკრაინა), რაული (რეალი; ესპანეთი) – 10; 2000-01 მარიო ჟარდელი (გალათასარაი; ბრაზილია), ანდრეი შევჩენკო (მილანი; უკრაინა) – 9; 2001-02 რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია) – 10; 2002-03 რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია) – 14; 2003-04 ფერნანდო მორიენტესი (მონაკო; ესპანეთი) – 9; 2004-05 ადრიანო (ინტერი; ბრაზილია) – 10; 2005-06 ანდრეი შევჩენკო (მილანი; უკრაინა) – 9; 2006-07 კაკა (მილანი; ბრაზილია) – 10; 2007-08 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია) – 8; 2008-09 ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა) – 9; 2009-10 ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა) – 8; 2010-11 ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა) - 12

 

კომენტარები