ქართული თეატრი

განახლებული და იუბილარი თეატრი

თეატრის საერთაშორისო დღე საქართველოში, როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე თეატრში აღინიშნება. თუმცა 2012 წლის მთავარ ღონისძიებად ხულოს განახლებული თეატრის გახსნა და მისი იუბილეს აღნიშვნა დასახელდა.

27 მარტს ხულოში, ნიკოლოზ რურუასთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე, აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები ჩავლენ. ისინი ხელოვანებთან, თეატრალებთან, ადგილობრივ მაყურებელთან ერთად დაათვალიერებენ გარემონტებულ და განახლებულ თეატრს, რომელიც დაარსებიდან 75 წელს ითვლის.

გურამ აბულაძე, თეატრის მმართველი: თეატრი გასული საუკუნის 30-იან წლებში გაიხსნა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და საბჭოთა რეჟიმის მიუხედავად, ფუნქციონირებდა და თავის მოვალეობას ასრულებდა. თავდაპირველად სახელმწიფო თეატრად იწოდებოდა, შემდეგ კი სახელმწიფო სტატუსი ჩამოერთვა და სახალხო გახდა. შენობას აშენებიდან დღემდე კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია და შემოქმედებით ჯგუფს მუშაობა ძალიან უჭირდა. საბოლოოდ, ჩვენმა თხოვნამ შედეგი გამოიღო და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით თეატრს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. ძველი შენობიდან, შეიძლება ითქვას, რომ კარკასის კედლებიღა დარჩა. გაკეთდა საგრიმიოროები, რაც ადრე არ გვქონდა, ასევე სცენის კონსტრუქციები, გათბობა, რომლის არარსებობაც დასს ზამთარში მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. მოწესრიგდა სველი წერტილები. მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, რაშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დაგვეხმარა, დამონტაჟდა ახალი სავარძლები და ა.შ. დღეს უკვე ყველანაირი პირობაა თეატრში შექმნილი იმისთვის, რომ შემოქმედებითი პროცესი უკეთ წარიმართოს.

როინ სურმანიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი: მინდა, რომ ხულოს თეატრს საშუალება მიეცეს მონაწილეობა მიიღოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ არსებულ ფესტივალებში. აპრილისთვის უკვე ვგეგმავთ ჩავერთოთ თურქეთის თეატრალურ ფესტივალში, სადაც მაყურებელს ნახევრად თოჯინურ დადგმას (რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი) შევთავაზებთ.

თეატრის იუბილეს რაც შეეხება, აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 28 მარტს დაიწყება და 3 აპრილამდე გაგრძელდება კვირეული. მის ფარგლებში ხულოში სპექტაკლებს მარჯანიშვილის, რუსთაველის, მესხეთის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის თეატრები წარმოადგენენ. გამოიცემა ალბომი, სადაც თეატრის ისტორია, მისი შემოქმედებითი წარსული და დღევანდელობა მოიყრის თავს.

 

კომენტარები