ქართული თეატრი

ახალი თეატრალური ინიციატივა

ახლად გარემონტებული მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი საერთაშორისო პროექტის განხორციელებას იწყებს. შოთა გლურჯიძის დიზაინით სახეცვლილი მისაღების, განახლებული დიდი დარბაზისა და  ტექნიკური აღჭურვილობის გარდა, თეატრს შეემატა მცირე, ექსპერიმენტული სივრცე, სადაც უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელსაც 8 ნოემბერს, 17:00 საათზე, კინომსახიობთა თეატრში გამართული პრესკონფერენცია მიეძღვნა.

რას ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტი და რას გვთავაზობენ ორგანიზატორები? როგორც შევიტყვეთ, შემოქმედებითი ინიციატივის განხორციელების მიზანია კინომსახიობთა თეატრის მსოფლიო კულტურულ პროცესებში ჩართვა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა. დაწყებულია მუშაობა წარმოდგენაზე, რომელსაც, როგორც თავად პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ევროპის თეატრალურ სივრცეში აღიარებული პროფესიონალი რეჟისორი – მიხეილ მარმარინოსი მიხეილ თუმანიშვილი სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგამს.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მაყურებელი უილიამ შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესა  „რომეო და ჯულიეტას“ თანამედროვე ვერსიას,  სახელწოდებით R+J, იხილავს. არჩევანი თეატრმა პირველივე ჯერზე გააკეთა რეჟისორზე, რომელთან თანამშრომლობის გამოცდილებაც ჰქონდა და ვისი სპექტაკლების ნახვის საშუალებაც ქართველ მაყურებელს რამდენჯერმე მიეცა. პრესკონფერენციაზე გავრცელებული ინფორმაცია გვახსენებს, რომ კინომსახიობთა თეატრში სწორედ მიხეილ მარმარინოსმა დადგმა წარმოდგენები: ,,მედეა, ორი წერტილი მასალა“ (2000) და „ეროვნული ჰიმნი“ (2003), რომელმაც აზრთა სახვადასხვაობა და ინტერესი გამოიწვია.

მიხეილ მარმარინოსისი მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია ასეთია: პროფესიით ნეირობიოლოგმა მოღვაწეობა 1983 წელს, თეატრალური განათლების მიღების შემდეგ დაიწყო. ამავე წელს დაარსა „დელფიოს ეროსი – თეატრალური ანსამბლი“, რომელსაც მოგვაინებით „თესეუმ ანსამბლი“ დაერქვა. მარმარინოსის სახელი და შემოქმედება საბერძნეთის საზღვრებს გარეთაც ცნობილია. მიღებული აქვს: 2002 წლის კრიტიკის პრემია წლის საუკეთესო რეჟისურისთვის, საერთაშორისო პრემია სამოქალაქო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის (გერმანია, 2008) და ა.შ.

 მიხეილ მარმარინოსის გარდა, საერთაშორისო პროექტში მონაწილეობენ: რეჟისორის ასისტენტები – დათა თავაძე და ეკა დემეტრაძე, მხატვრები – შოთა გლურჯიძე და უშანგი იმერლიშვილი, მსახიობები: გიორგი ნაკაშიძე, მაია გელოვანი, კატო კალატოზიშვილი, გიორგი შერვაშიძე, პაატა ინაური, ქეთი შათირიშვილი და მაგდა ლებანიძე.

ახალი ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული დადგმის პრემიერის ზუსტი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.   

კომენტარები