რეგულაციები

მართვის მოწმობის თან ქონა სავალდებულო აღარ არის

პირველი ოქტომბრიდან საქართველოში მანქანის მართვისას მართვის მოწმობის ან სხვა რაიმე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის თან ქონა სავალდებულო აღარ იქნება. ცვლილება ეხება პირებს, რომელთაც საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაცემული მართვის მოწმობები აქვთ. დღემდე მოქმედი კანონის მიხედვით, მსგავს შემთხვევებში, მძღოლი 15 ლარით ჯარიმდებოდა, მანქანა კი საჯარიმო სადგომზე გადაჰყავდათ. სიახლესთან ერთად გაუქმდა ეს სანქციებიც.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მართავს მანქანას, რომელიც პირადად მასზეა გაფორმებული, ის ვალდებული არ იქნება, ატაროს ტექპასპორტი.  ამჟამად მოქმედი წესების მიხედვით, თუ პირი სხვის მანქანას მართავს, ხსენებული დოკუმენტი მას თან უნდა ქონდეს.

საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია ადამიანის პიროვნებასა და მის მიერ მართვის მოწმობის ქონას მონაცემთა ბაზაში შეამოწმებს, რომელიც მუდმივად განახლდება. შესამოწმებლად საკმარისი იქნება მძღოლის სახელის, გვარისა და დაბადების თარიღის კომპიუტერში შეყვანა, რომელიც ყველა საპატრულო მანქანაში იქნება დამონტაჟებული. 

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "სიახლე მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. ეს არის მცირე სიმბოლური ნაბიჯი გადადგმული ჩვენს მიერ იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილება გავუმარტივოთ ".

შსს-ს განცხადებით, ეს მოვლენა მსოფლიოში უპრეცენდენტოა.

 

კომენტარები