რეგულაციები

ბიუჯეტის პროექტი: შემუშავდება აზარტული თამაშების ახალი რეგულაციები

Reuters

პარლამენტში უკვე შევიდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა 2018 წელს ქვეყანაში აზარტულ თამაშებზე ახალი რეგულაციების დამტკიცებას გეგმავს.

"სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავებს რეგულაციებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან და დამოკიდებულ პირებთან მიმართებით. გამკაცრდება სახელმწიფო კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე. გაძლიერდება პრევენციული საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზარტულ თამაშებში ჩაბმა", - წერია ბიუჯეტის პროექტში, თუმცა არაა დაკონკრეტებული რა სახის რეგულაციაზეა საუბარი. 

რა ზომისაა საქართველოს აზარტული თამაშების სექტორი:

2016 წელს კაზინოებისა და ტოტალიზატორების ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს 2015 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი მოდის, ეს კი ნიშნავს, რომ ტოტალიზატორებზე მაღალი ბრუნვა კაზინოებს აქვთ.

ყველაზე დიდი 76%-იანი ზრდა სათამაშო ბიზნესს 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ინდუსტრიის ზომამ 3.7 მილიარდ ლარს მიაღწია. 

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 138 ბიზნესია რეგისტრირებული, რომელიც აზარტული თამაშების ორგანიზებითაა დაკავებული. ამ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 6.5 ათასია.

სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია, თუმცა მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობა წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც მათთვის გაზრდილ გადასახადებს უკავშირდება.

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო ცვლილებები, რომელსაც სათამაშო ინდუსტრია თავის დროზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. გაზრდილი მოსაკრებლების პირობებში 2017 წლის პირველ ნახევარში სათამაშო ბიზნესი უკვე 145 მილიონი ლარით დაიბეგრა, ეს 2016 წლის სრულ მაჩვენებლებს 33%-ით აღემატება.

2015 წლის 29 დეკემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების გარეშე ონლაინ-კაზინოები მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებენ.

კომენტარები