რეგულაციები

აკუსტიკური იარაღის ტარება აიკრძალება, გამოყენება – მხოლოდ კონკრეტული მიზნით

აკუსტიკური იარაღი

ახალი ცვლილებების თანახმად ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება აიკრძალება და მისი გამოყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნით იქნება დაშვებული. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამ რეგულაციის დარღვევისთვის, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, პირს დაეკისრება 500 ლარის ოდენობით ჯარიმა, 1 წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

შსს-ის ცნობით, აკუსტიკური იარაღი არ წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას და მისი ერთადერთი დანიშნულება ფუჭი ტყვიების გასროლა და აკუსტიკური ეფექტის შექმნაა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება და გამოყენება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანსაც კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლო. 

აკრძალვის არგუმენტად შსს-ს მოჰყავს კრიმინალურ წრეებში ამ იარაღის გაზრდილი მოხმარება სხვადასხვა მიზნით, მისი დაბალი ფასის, იოლი ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო.

კომენტარები