ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

დაგეგმილი ვიზიტი მქონდა, კვირის ბოლოს ვბრუნდები - დავითაშვილი

"ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები. თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა", - უთხრა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოცემა bm.ge-ს ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით.

სუს-ში ცოტა ხნის წინ დაადასტურეს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საქართველოში არ იმყოფება.

"ლევან დავითაშვილი ამ წუთებში ქვეყანაში არ არის" - უთხრეს სუს-ში ინტერპრესნიუსს.

ყოფილი ვიცეპრემიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ გამოიკითხა. უწყების დატოვების შემდეგ დავითაშვილმა თქვა, რომ "განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი" და "ასევე განვიხილეთ მომავალში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება".

მას მალევე უპასუხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომლის მიხედვითაც, "დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა".

კომენტარები