ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჩამოერთვა ქონება

მთავრობის ადმინისტრაცია

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ქონება - ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დამნაშავედ ცნეს ასევე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება 4-წლიანი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი გირაოს პირობით გაუფორმდება.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით  პროკურატურას ჯუანშერ ბურჭულაძემაც მიმართა, 26 მარტს, თუმცა ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრეს

დღევანდელ სხდომაზე ბურჭულაძემ დასკვნითი სიტყვა თქვა. ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ 2015 წლამდე გაცილებით მეტი ქონება აქვს შეძენილი და შემოსავალიც მინიმუმ 10-ჯერ მეტი ჰქონდა, ვიდრე 2015 წლის შემდეგ.

"4.5 წელი ვცხოვრობდი აშშ-ში, ვაშინგტონში, იქ ვმუშაობდი [...] თუ შევადარებთ ჩემს მიმდინარე ხარჯებს და შეძენილ ქონებას, 2015 წლამდე მე მაქვს გაცილებით ბევრი ქონება შეძენილი, ვიდრე 2015 წლის შემდეგ. და მიმდინარე ხარჯებს თუ შევადარებთ იმ პერიოდს, სანამ ამერიკაში წავიდოდი, ჩემი შემოსავალი იყო მინიმუმ 10-ჯერ მეტი, ვიდრე 2015-ის შემდეგ. [...]

რა საჭირო იყო, მეფრიალებინა მილიონები. ჩემმა მეუღლემ გამახსენა, 1997 წელს მყავდა მერსედესი, თითით აჩვენებდნენ ქალაქში. პირველად ლენდ-კრუიზერიც მე მყავდა. შუქნიშანზე რომ ვჩერდებოდი, თავს ვხრიდი. მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი" - თქვა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

ბურჭულაძე სუს-მა 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა - მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ, რაც 12 წლამდე პატიმრობა ითვალისწინებს.


ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის საქმეები

2021 წლის 22 თებერვალს, რამდენიმე დღით ადრე მეორედ გაპრემიერებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის ადგილმონაცვლედ, ანუ თავდაცვის მინისტრად, ჯუანშერ ბურჭულაძე დანიშნა. ბურჭულაძე თანამდებობას თითქმის 3 წლის განმავლობაში იკავებდა, კობახიძის კაბინეტში მისი ადგილი აღარ მოიძებნა და 2024 წლის 8 თებერვალს ირაკლი ჩიქოვანით ჩაანაცვლეს.

2025 წლის 27 ივლისს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა. 

პროკურატურის ცნობით, 2023 წელს ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის ცოლის ძმის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული ტომოგრაფის აპარატი თავდაცვის სამინისტრომ 3 940 000 ლარად იყიდა.
 
1-ელ აგვისტოს ბურჭულაძემ დაკავებებზე თქვა, რომ არ ჰგონია "საქმე პოლიტიკური იყოს" და მას ან ირაკლი ღარიბაშვილს ეხებოდეს.

ერთი თვის შემდეგ, 11 სექტემბერს იგივე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ბრალდებით ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს - მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ვერსიით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი 1 333 728 ლარით ძვირად თავდაცვის სამინისტრომ ბურჭულაძის მითითებით შეისყიდა. 

უწყების ცნობით, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი შეიძინა. 

"ვინაიდან, ბურჭულაძესა და მის ცოლს ამ თანხის კანონიერი წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ ფულის რეალური წარმომავლობის დამალვა-შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის ცოლსა და მესამე პირს შორის, წყნეთში მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. რეალურად კი, ბურჭულაძის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო. ამასთან, დამატებით გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებებიც. ბურჭულაძემ 1 593 212 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბურჭულაძის დაკავებას სამთავრობო TV იმედის ეთერში იმავე დღეს გამოეხმაურა ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმით,  "ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ". 

ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 სექტემბერს შეეფარდა. ყოფილი მინისტრი ბრალს არ აღიარებს. 

"არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს... 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში" - თქვა მან სასამართლო პროცესზე. 

19 სექტემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი, ნუგზარ ცაბაურაშვილი და კიდევ 2 პირი დააკავეს. უაქციზო სიგარეტების საქმეში ასევე ფიგურირებს ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. 

გამოძიების ცნობით, ვასილ მხეიძემ  2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში “მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში” აწარმოებდა უაქციზო თამბაქოს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები". - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ბურჭულაძის აღკვეთის ღონისძიება 8 დეკემბერს გადაისინჯა, ის კვლავ პატიმრობაში დატოვეს. პატიმრობაში რჩება ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეც. გიორგი ხაინდრავას 100 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა, ვლადიმერ ღაუდუშაურს კი 10 000-ის. 

კომენტარები