სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამთავრობო ტელეკომპანია იმედს ლევან დავითაშვილის დაკითხვის შემდგომი ინტერვიუს უზუსტობების შესახებ განუცხადეს:
"სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა:
1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.
2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი!
თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ", - უთხრა სამთავრობო მედიას უწყებამ.
"განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაზე ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. კითხვები იყო იმაზე, ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა, მომარაგების, შეიძლება ქმნიდეს ან არ ქმნიდეს რისკებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი დეტალურად განგვეხილა.
ეს არის ძირითადი საკითხი. ასევე განვიხილეთ მომავალში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო". - თქვა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
როგორც ტაბულას სუს-ში უთხრეს, ისინი გამოკითხვაზე ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება.





