ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

სააპელაციომ გელა უძილაურისთვის მისჯილი უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა – POG

პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ ბინზესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გელა უძილაურისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ბრალდებულ ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან შეთანხმების შესაბამისად ბრალდებული მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა.

ბრალდებულები გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. ბრალდებულებმა გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა ასევე ბრალდებულ სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი ,,GLOCK 19" მოდელის პისტოლეტი ბრალდებულმა ჯოხაძემ მსჯავრდებულ უძილაურს გადასცა.
მიმდინარე წლის 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძე გელა უძილაურს თბილისში სასტუმრო ,,თბილისი თაუერი“-ს შენობასთან შეხვდა. სასტუმროში ასევე მივიდნენ დავით და გიორგი მიქაძეები. გიორგი ჯოხაძემ და გელა უძილაურმა დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები განიხილეს, მათ შორის გელა უძილაურს მიაწოდა დავით და გიორგი მიქაძეებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად გელა უძილაურს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისთვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.

ლევან ჯანგველაძე საქართველოში 2025 წლის 16 თებერვალს ჩამოვიდა და სასტუმრო „ამბასადორში“ მივიდა. გელა უძილაურმა იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფლის შესახებ ისიც სასტუმრო „ამბასადორთან“ მივიდა, თუმცა ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა ვერ განახორციელა მისთვის ხელსაყრელი პირობების არ არსებობის გამო. 2025 წლის 23 თებერვალს ლევან ჯანგველაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა.
2025 წლის მარტის თვეში ბრალდებულმა ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს ინფორმაცია მიაწოდეს ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით.

14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გიორგი ჯოხაძემ და ძმებმა მიქაძეებმა გელა უძილაურს მიაწოდეს. გელა უძილაური ცეცხლსასროლი იარაღით თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მივიდა და ლევან ჯანგველაძის მისვლას დაელოდა, რომელიც მის მეგობართან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით მისი მოკვლის მიზნით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 17 327 ლარი და 2200 აშშ დოლარი.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ანგარებით და შეკვეთით), 19, 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით გელა უძილაურს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 


ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა. 

12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის  მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

წარდეგნილი ბრალები გულისხმობს: შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

17 სექტემბერს დავით მიქაძეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა. საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ლაშა მაისურაძე. გარდა ამისა, კიდევ ერთ პირს - ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.

მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 

ჯანგველაძის მძღოლის, გია ჩადუნელის მიერ სასამართლოში 29 სექტემბერს მიცემული ჩვენებით, ჯანგველაძე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა.

უძილაურმა, 13 ოქტომბერს, სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობა "პირად წყენას უკავშირდება" და დაგეგმილი არ ყოფილა. ინტერპრესნიუსის მიხედვით, უძილაურმა ჩვენებაზე, განაცხადა რომ მკვლელობის დღეს "უკრაინული წარმოშობის ქალს, სვეტას უნდა შეხვედროდა უნივერსიტეტის ქუჩაზე“, თუმცა, საბოლოოდ, ჭავჭავაძეზე შეხვდა ლევან ჯანგველაძეს.

უძილაურის ჩვენებით, როცა ჯანგველაძე დაინახა თავი ვეღარ გააკონტროლა და ესროლა - "შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე. მინდოდა დამეჭრა. ნერვები აღარ მყოფნიდა, არ ვიცი. რომ ამოვიღე და გავისროლე, პირველ გასროლაზე ვამბობ, ლევანს არ მოხვედრია… წაიქცა და ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი და არ გაინძრე-მეთქი… სანამ ამოიღებდა იარაღს, ვესროლე და წაიქცა… რამდენიმე გასროლა ჰაერში გავისროლე"

საქმის პროკურორის თქმით, უძილაურის ვერსია მოგონილია და საკითხავია, საერთოდ იცნობდა თუ არა ჯანგველაძე მას - "მოლოდინი იყო, რას იტყოდა გელა უძილაური. თვითონ იცის, რომ მოგონილი ვერსიაა და ლევან ჯანგველაძესთან მას არანაირი დაპირისპირება წარსულში არ ჰქონია, საკითხავია, საერთოდ იცნობდა თუ არა ჯანგველაძე მას". 

24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის მთავარი პროკურორის გიორგი მიქაიას განცხადებით, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე ძმები მიქაძეების დაკვეთით მოკლა. 

29 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და მის ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან. დარახველიძის განცხადებით, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მათვე მოიძიეს გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

ფარცხალაძის მიმართ პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები