"არ არის მართებული, რომ მოწმის რაღაც ჩვენების საფუძველზე ვინმე პასუხისგებაში მისცე. ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს სტანდარტი, ამისთვის გვაქვს ბრალის მინიმუმ დასაბუთებული ვარაუდი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ახლა მე კონკრეტულ პირებს ვერ განვიხილავ. გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად, მრავალმხრივ მიმდინარეობს". - ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე უპასუხა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტების კითხვას, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში, გავიდა თუ არა გამოძიება ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე.
ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, გამოკითხვის ოქმში წერია, რომ ბოლო პერიოდში, ლევან ჯანგველაძეს ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტი ჰქონდა.
"ჩემი, როგორც დაზარალებულის ადვოკატის მოთხოვნაა, რომ ეს ინფორმაცია გადამოწმდეს, სხვადასხვა მტკიცებულებით გამყარდეს და ის კითხვა, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით არსებობს, უპასუხოდ არ დარჩეს". - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს, 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.
როგორც უძილაურის ადვოკატმა მედიას განუცხადა, საქმეში სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალა არ დევს და "არ არსებობდა მტკიცებულებითი საფუძველი, რომ გელა უძილაურის მისამართით ზოგადად გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა".
როგორც მარიამ ტაბატაძემ 18 მარტს განაცხადა, გელა უძილაურმა ჩვენება მისცა, ასევე მონაწილეობა მიიღო ყველა საპროცესო მოქმედებაში.





