ლევან ჯანგველაძის საქმე

არავითარი სვეტა, ის კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ ადგილას მივიდა - პროკურორი უძილაურზე

"არავითარი სვეტა და არავითარი სხვა ვინმე, ის კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ ადგილას მივიდა. არავითარი ხელში დაჭრა, კონკრეტული მიმართულებით ისროლა." - ასე შეაფასა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებული გელა უძილაურის ჩვენება, საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ, ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

ცნობისთვის, ბრალდებულმა გელა უძილაურმა, 13 ოქტომბერს, სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობა "პირად წყენას უკავშირდება" და დაგეგმილი არ ყოფილა. ინტერპრესნიუსის მიხედვით, უძილაურმა ჩვენებაზე, განაცხადა რომ მკვლელობის დღეს "უკრაინული წარმოშობის ქალს, სვეტას უნდა შეხვედროდა უნივერსიტეტის ქუჩაზე“, თუმცა, საბოლოოდ, ჭავჭავაძეზე შეხვდა ლევან ჯანგველაძეს.

უძილაურის ჩვენებით, როცა ჯანგველაძე დაინახა თავი ვეღარ გააკონტროლა და ესროლა - "შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე. მინდოდა დამეჭრა. ნერვები აღარ მყოფნიდა, არ ვიცი. რომ ამოვიღე და გავისროლე, პირველ გასროლაზე ვამბობ, ლევანს არ მოხვედრია… წაიქცა და ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი და არ გაინძრე-მეთქი… სანამ ამოიღებდა იარაღს, ვესროლე და წაიქცა… რამდენიმე გასროლა ჰაერში გავისროლე"

საქმის პროკურორის თქმით, უძილაურის ვერსია მოგონილია და საკითხავია, საერთოდ იცნობდა თუ არა ჯანგველაძე მას - "მოლოდინი იყო, რას იტყოდა გელა უძილაური. თვითონ იცის, რომ მოგონილი ვერსიაა და ლევან ჯანგველაძესთან მას არანაირი დაპირისპირება წარსულში არ ჰქონია, საკითხავია, საერთოდ იცნობდა თუ არა ჯანგველაძე მას“

"ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს უთანხმოება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან. მათ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.

ისინი გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ პირს, გელა უძილაურს დაუკავშირდნენ და ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთეს...

არავითარი სვეტა და არავითარი სხვა ვინმე, ის კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ ადგილას მივიდა. არავითარი ხელში დაჭრა, კონკრეტული მიმართულებით ისროლა. თუ ვინმეს სჯერა, რომ შემთხვევის ადგილზე უძილაური მართლა ვინმე სვეტას წერდა, როცა ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა, ეს არ ვიცი, ეს აბსურდია...

ლევან ჯანგველაძე "სკაიპით“ რომ ესაუბრებოდა უძილაურს, ეს ხომ აბსურდია? რა გარემოებებიც მან დაასახელა, ვერაფერს გადაამოწმებ, ვერც გარდაცვლილს დავკითხავთ. იარაღზე, რაც თქვა, უნდა, რომ პასუხისმგებლობა გიორგი ჯოხაძეს ააცილოს...

იმ დღეს, გელა უძილაური 18:23 საათზე სახლიდან გამოვიდა, მისი ვერსიით, სვეტასთან მიდიოდა და მოსაცმელი ხელში ეკავა. ძალიან ბევრი აბსურდი მოვისმინეთ, თავის ვერსიებში აიხლართა... ვეძებთ ვინმე სვეტას, არ ვიცით სახლი, არ ვიცით გვარი... როცა ვერ ნახა სვეტა, წავიდა ჭავჭავაძის გამზირზე 351 ავტობუსით, იქიდან ჩამოვიდა და მოსაშვილამდე ფეხით მივიდა, მერე ტაქსით, მერე ისევ ფეხით და ამ ყველაფრის ფონზე გელა უძილაური ამბობს, რომ სვეტა ვერ ნახა და უნდა ენახა ჯანგველაძე ხომ არ მივიდოდა იქ.

გელა უძილაური ელოდებოდა შეტყობინებას, რომ ლევან ჯანგველაძე იქ მივიდა, ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება ტელეფონთან. ლევან ჯანგველაძემ უძილაურს მისამართი ჰკითხა, ბრალდებულმა კი საპასუხოდ თავი გაიქნია. საინტერესო ისაა, როგორც კი ჯანგველაძე მას გაცდება, უძილაური სათვალეს იღებს, უყურებს ტელეფონს და უყურებს ლევან ჯანგველაძეს. ის ინფორმაციას ელოდება, თუ ჯანგველაძის სურათი აქვს ტელეფონში და ადარებს, ეს უძილაურის გულშია და მან უნდა თქვას. რაც თქვა, კი ვიცით, აბსურდი.

სპეცრაზმელი, რომელიც 14 წელი მუშაობდა, მიხსნის, ძირს ვისროლე და არ მინდოდა ლევან ჯანგველაძეს მოხვედროდაო. გელა უძილაური შეეცადა სიმსუბუქისკენ წაეყვანა მისი საქმე, მაგრამ არ გამოუვიდა. 7 ტყვია ესროლა, 2 - ზურგში, 2- გულმკერდში. სპეცრაზმელია და ხელში უნდოდა!“ - თქვა ვეფხვაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით. 

პროკურორმა სასამართლოსგან მომხდარ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება მოითხოვა - "ადამიანს ფულის გამო, ანგარებით მკვლელობა რომ შეუძლია, ამაზე სასამართლოს რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი."

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა. 

12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის  მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

წარდეგნილი ბრალები გულისხმობს: შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

17 სექტემბერს დავით მიქაძეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა. საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ლაშა მაისურაძე. გარდა ამისა, კიდევ ერთ პირს - ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.

მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 

ჯანგველაძის მძღოლის, გია ჩადუნელის მიერ სასამართლოში 29 სექტემბერს მიცემული ჩვენებით, ჯანგველაძე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

კომენტარები