"თუ სასამართლო ამგვარ სტანდარტს დაუშვებს, ეს იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების დასასრული". - ქართული ოცნების ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულებები ამ ადამიანის მიმართ, რომელიც მის მიართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელია და იმედს იტოვებს, რომ სასამართლო არ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.
"არ არსებობს ის სტანდარტი, რომლითაც შესაძლებელია პირს ბრალი, როგორც მინიმუმ, წაუყენო. [...]
"არცერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, პირდაპირი მტკიცებულება, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ოთარის რაიმე სახით შემხებლობას თუ ბრალეულობას დაამტკიცებს ფიზიკურად არ არსებობს. [...] მტკიცებულებები ამ ადამიანის მიმართ ფიზიკურად კი არა, ბუნებაში არ არსებობს. არის მხოლოდ ირიბი მტკიცებულება, რომელიც ბრალის წარსადგენადაც არ არის საკმარისი. დაუსაბუთებელია და ეს სტანდარტი, რომლის დამკვიდრებასაც ბრალდების მხარე ცდილობს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის სტატუსი ქვეშ მყოფი პირის მიმართ უბრალოდ უსამართლოა. ბატონი ოთარ ფარცხალაძე არის არა მიმალვაში, არამედ იგი იმყოფება... საქართველოში არ იმყოფება, იგი სხვა ქვეყანაში იმყოფება. [...]
იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო არ დაუშვებს საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში ამგვარი სახის დაუსაბუთებელი ბრალდების მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
[...] ჩვენ მზად ვართ სამართიანი სასამართოს პირობებში დავამტკიცოთ პირის უდანაშაულობა. [...] ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოთ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევისგან". - თქვა მოსიაშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, არსებობს მკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ლევან ჯანგველაძე ოთარ ფარცხალაძისგან და ძმები მიქაძეებისგან საფრთხეს გრძნობდა.
პროკურორის თქმით, ფარცხალაძემ საქართველო მიმდინარე წლის ივნისში დატოვა და ამჟამად რუსეთში იმყოფება.
"კონკრეტულ მტკიცებულებებს რაც შეეხება - რასაკვირველია, მოწმეთა ჩვენებები [...] კიდევ დამატებითი მოწმეებიც დაემატა, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე უშუალოდ ოთარ ფარცხალაძისგან და ძმები მიქაძეებისგან საფრთხეს გრძნობდა. მას გარკვეული მოლოდინი ჰქონდა, რადგან მას ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება ჰქონდა [...] საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძე ამჟამად რუსეთში იმყოფება. მან საქართველო მიმდინარე წლის ივნისში დატოვა". - უთხრა ჟურნალისტებს ვეფხვიძემ.
29 დეკემბერს, ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახსნილია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე. შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად უწყებამ ქართული ოცნების ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე დაასახელა. მას ბრალდება სსკ-ის 25/109-ე მუხლის "ნ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
30 დეკემბერს ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.





