ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

მტკიცებულებები მკვლელობის ორგანიზებაზე ინფორმაციას არ იძლევა – მიქაძეების ადვოკატი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატის თქმით, ბრლადების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ მოიცავს.

ადვოკატის თქმით, მიქაძეებს ბრალდება "ციდან დაეცათ".

"სასამართლო იხილავდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დართვის, დასაშვებობის საკითხს. არც ეს მტკიცებულებები, ისევე როგორც სხვა, მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. ეს მტკიცებულებები მიუთითებს უბრალოდ, რომ ფარცხალაძე იცნობდა მიქაძეებს, მიქაძეები იცნობდნენ ჯოხაძეებს.

[...] მას [გიორგი მიქაძეს] ნამდვილად არანაირი შეხება არ ჰქონია არც მოცემულ პირებთან, არც საქმესთან, არც ორგანიზებასთან, არც ინტერესი ჰქონია და არც მოტივი. მაშინ, როცა ასე, აბსოლუტურად არაფრიდან, ციდან ეცემა ადამიანს ასეთი კატეგორიის სიმძიმის ბრალდება, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის დამოკიდებულება ძალიან მძიმეა ასეთ საკითხთან მიმართებით". - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა. 

12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის  მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

წარდეგნილი ბრალები გულისხმობს: შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

17 სექტემბერს დავით მიქაძეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა. საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ლაშა მაისურაძე. გარდა ამისა, კიდევ ერთ პირს - ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.

მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 

ჯანგველაძის მძღოლის, გია ჩადუნელის მიერ სასამართლოში 29 სექტემბერს მიცემული ჩვენებით, ჯანგველაძე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა.

უძილაურმა, 13 ოქტომბერს, სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობა "პირად წყენას უკავშირდება" და დაგეგმილი არ ყოფილა. ინტერპრესნიუსის მიხედვით, უძილაურმა ჩვენებაზე, განაცხადა რომ მკვლელობის დღეს "უკრაინული წარმოშობის ქალს, სვეტას უნდა შეხვედროდა უნივერსიტეტის ქუჩაზე“, თუმცა, საბოლოოდ, ჭავჭავაძეზე შეხვდა ლევან ჯანგველაძეს.

უძილაურის ჩვენებით, როცა ჯანგველაძე დაინახა თავი ვეღარ გააკონტროლა და ესროლა - "შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე. მინდოდა დამეჭრა. ნერვები აღარ მყოფნიდა, არ ვიცი. რომ ამოვიღე და გავისროლე, პირველ გასროლაზე ვამბობ, ლევანს არ მოხვედრია… წაიქცა და ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი და არ გაინძრე-მეთქი… სანამ ამოიღებდა იარაღს, ვესროლე და წაიქცა… რამდენიმე გასროლა ჰაერში გავისროლე"

საქმის პროკურორის თქმით, უძილაურის ვერსია მოგონილია და საკითხავია, საერთოდ იცნობდა თუ არა ჯანგველაძე მას - "მოლოდინი იყო, რას იტყოდა გელა უძილაური. თვითონ იცის, რომ მოგონილი ვერსიაა და ლევან ჯანგველაძესთან მას არანაირი დაპირისპირება წარსულში არ ჰქონია, საკითხავია, საერთოდ იცნობდა თუ არა ჯანგველაძე მას". 

24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის მთავარი პროკურორის გიორგი მიქაიას განცხადებით, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე ძმები მიქაძეების დაკვეთით მოკლა. 

29 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და მის ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან. დარახველიძის განცხადებით, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მათვე მოიძიეს გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

ფარცხალაძის მიმართ პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები