ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

ჯანგველაძის საქმე - დავით მიქაძეს ახალი ბრალი წარედგინა, დაკავებულია მისი დაცვის წევრი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ლაშა მაისურაძე. გარდა ამისა, კიდევ ერთ პირს - ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შსს-ს გამოძიების მიხედვით, ლაშა მაისურაძემ, "თითქოსდა მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით", შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.

როგორც შსს წერს, შეხვედრისას ლაშა მაისურაძემ ადვოკატი მობილური ტელეფონით გაასაუბრა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ დავით მიქაძეს, "რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს. მუხლი 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული ლაშა მაისურაძე ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის თანამშრომელია. 

თავად ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მაისურაძემ მასთან დავით მიქაძე დააკავშირა, რომელიც ბარდაველიძეს დაემუქრა. 

"არ უკითხავს ჩემი სახელი და გვარი და მეუბნება ასეთ რამეს - დათუნას უნდა შენთან საუბარი. როდესაც ვკითხე - ვინ დათუნას? მეუბნება რომ მიქაძეს. მაწვდის ტელეფონს, მეუბნება, რომ უსაფრთხოა, ვეუბნები რომ "გისმენთ", იქიდან ცოტა ისეთი, ბოხი, "ბლატნოი" ხმით მეუბნება, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი. იქედან კიდევ ისმის ვიღაც ადამიანის ხმაც და "ეს უნდა დავბრიდო". - განაცხადა 16 სექტემბერს ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ რადიო თავისუფლების ცნობით

ლაშა მაისურაძის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ მისი ტელეფონი ამოიღო და დალუქა, ასევე ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში. 

"რა ხელშეშლაზეა საუბრი, როცა ლაშა მაისურაძეს ერთი ზედმეტი სიტყვა არ აქვს ჩემი კოლეგისთვის ნათქვამი. იგი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

[...] ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ლაშას არანაირი ხელშეშლა ჩემი კოლეგისთვის და ზოგადად, საადვოკატო საქმიანობისთვის არ განუხორციელებია" - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს, 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა. 

როგორც უძილაურის ადვოკატმა მედიას განუცხადა, საქმეში სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალა არ დევს და "არ არსებობდა მტკიცებულებითი საფუძველი, რომ გელა უძილაურის მისამართით ზოგადად გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა".

როგორც მარიამ ტაბატაძემ 18 მარტს განაცხადა, გელა უძილაურმა ჩვენება მისცა, ასევე მონაწილეობა მიიღო ყველა საპროცესო მოქმედებაში.

12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის  მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

წარდეგნილი ბრალები გულისხმობს: შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

კომენტარები